თბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. სამართალდამცველების ინფორმაციით, გაზეთ „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტ ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელ ბინას ცეცხლსასროლი იარაღიდან, კერძოდ კი, სანადირო თოფიდან ესროლეს. ჩიტაიას ქ. №21-ში მდებარე პაიჭაძის ბინის ერთ-ერთი ფანჯარა სროლის შედეგად ჩამსხვრეულია, დაზიანდა ფანჯრის ჩარჩოც. საცხოვრებელი სახლის წინ, გზაზე კი, ტყვიის ერთი მასრაა ნაპოვნი. როგორც ჟურნალისტი განმარტავს, შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გუშინვე სამართალდამცველებმა ბრალდებული ლაშა შარაშიძე დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 1982 წელს დაბადებული ლაშა შარაშიძე, რომელმაც 2012 წლის 6 თებერვალს, დაახლოებით, 14.00 საათზე, საკუთარი ავტომანქანიდან სანადირო თოფით მოახდინა გასროლა, რის შედეგადაც ნასროლი ტყვია მოქალაქე ხათუნა პაიჭაძის საცხოვრებელი სახლის ფანჯარას მოხვდა. გასროლის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის III ნაწილით, რაც გულისხმობს ხულიგნობას და 4-დან 7-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დღესვე შსს-მ გაავრცელა ლაშა შარაშიძის ჩვენებაც, სადაც ბრალდებული ამბობს, რომ იარაღი შემთხვევით გაუვარდა.