თბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოში მშვიდობით უფლის შეწევნითა და თქვენი ლოცვით დავბრუნდი“, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ.
კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინდელი ქადაგებისას გერმანიაში ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს, რადგან საქართველოში განსაკუთრებით დიდი მადლია.უწმიდესის და უნეტარესის განცხადებით, გერმანიაში ყოფნისას შეხვდა გერმანიაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებსაც. მისი თქმით, გერმანიის ქალაქებიდან ბერლინში ქართველები კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედის მიზნით ჩადიოდნენ. როგორც ილია მეორემ ბრძანა, ამ შეხვედრებზე გაკეთებული მთავარი მოწოდება იყო, რომ ისინი საქართველოში უნდა დაბრუნდნენ.
კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, შესაძლოა, საქართველოში არ არის ძალიან კარგი მატერიალური მდგომარეობა, მაგრამ აქ არის ყველაზე მთავარი – იმედი, იმედი მომავლისა.
შევახსენებთ მკითხველებს, რომ საქართველოს სულიერი ლიდერი ილია მეორე, რომელიც 22 იანვრიდან გერმანიაში გეგმური პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისთვის იმყოფებოდა, პარასკევს სამშობლოში დაბრუნდა.
როგორც საპატრიარქოდან იუწყებიან, ილია მეორეს აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდა.