სამართალი
ბულბულაშვილი ჯანდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე

Tavisufali-saqarTveloooთბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, პარტია დაინტერესდა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში არსებული რეალური ვითარებით და შესაბამისი ანალიზიც მოამზადა.

„ჩვენ დაკვირვების ობიექტად ავირჩიეთ ღუდუშაურის და იაშვილის სახელობის კლინიკები და ყურადღება გავამახვილეთ ორ მნიშვნელოვან საკითხზე. ესენია – მომსახურების ფასები და მომსახურე პერსონალის ანაზღაურება.

1. აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში სრულფასოვანი მკურნალობის კურსის გავლა შეუძლებელია საზოგადოების დაბალი და საშუალო ფენისთვის, ვინაიდან სულ უმნიშვნელო კონსულტაციაც კი რამდენიმე ათეული ლარი ღირს, ხოლო სრული გამოკვლევა რამდენიმე ასეული ლარი დაგიჯდებათ. აღარაფერს ვამბობთ ქირურგიულ ოპერაციებზე, რომელთა ღირებულებაც რამდენიმე ათასით და, ზოგ შემთვევაში, ათეულათასით განისაზღვრება.

2. საქართველოში დაუფასებელია ექიმის პროფესია. ექიმის საშუალო ანაზღაურება რამდენიმე ათასი ლარით უნდა განისაზღვრებოდეს. თუმცა რეალურად საავადმყოფოს მომსახურე პერსონალის საშუალო ხელფასი 100-250 ლარს შეადგენს (!!!). სამაგიეროდ, ათეულათასებით განისაზღვრება ხელისუფლებასთან დაახლოებული ე.წ. მენეჯერების ანაზღაურება, რომელთა ფუნქციაც და წარმოშობის მიზეზი ჯანდაცვის სისტემაში ყოვლად ბუნდოვანია“, – აცხადებს პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი ლადო ბულბულაშვილი.

მისივე თქმით, პარტია „თავისუფალი საქართველო“ განაგრძობს ჯანდაცვის სფეროს გამოკვლევას და უფრო დეტალურ და მასშტაბურ ანალიზს საზოგადოებას უახლოეს მომავალში გააცნობს.