პოლიტიკა
სააკაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

miunxeni-mishaთბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ  მიუნხენის კონფერენციაში მიხეილ სააკაშვილის  მონაწილეობასთან  დაკავშირებით  ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტი მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობს. მიხეილ სააკაშვილი ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და აუდიტორიის წინაშე იმ დემოკრატიულ რეფორმებზე ისაუბრა, რომლებიც საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განხორციელდა. საქართველოს პირველმა პირმა ყურადღება რეგიონის უსაფრთხოებაზეც გაამახვილა. დისკუსიის პანელი, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით წარდგა, არაბულ ქვეყნებში დემოკრატიულ რეფორმებს განიხილავდა და იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც დემოკრატიული გარდაქმნის გზას დაადგნენ, საქართველო განიხილებოდა როგორც პოზიტიური მაგალითი.

„ჩვენთვის არ არსებობდა თავისუფლების სახელმძღვანელო ისევე, როგორც მსგავსი წიგნი არ არსებობს არც ჩვენი ტუნისელი, ლიბიელი და სხვა მეგობრებისთვისა და ქვეყნებისთვის, მაგრამ ჩვენი პოსტრევოლუციური გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა, უკეთ გავიგოთ ის მრავალფეროვანი გამოწვევები, რომელთა წინაშეც ტრანსფორმირებადი საზოგადოებები დგას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ საქართველოს გამოცდილების საფუძველზე ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია გაიმარტივოს გზა, რომელიც ჯერ კიდევ გასავლელი აქვს.

მიხეილ სააკაშვილმა დეტალურად ისაუბრა იმ დასკვნების შესახებ, რომლებიც საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ რეფორმებისა და ცვლილებების საფუძველზე გაკეთდა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის პერიოდია, როდესაც გრძელვადიანი და რთული რეფორმების პროცესი იწყება. თუმცა მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ რეალური და მდგრადი შედეგების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხს მთავრობისა და საზოგადოების სრული შემადგენლობა პრინციპულად მიუდგება. ამასთან, ყველა სფეროსა და სისტემის რეფორმირება უნდა იყოს ყოვლისმომცველი და, ამაავე დროს, სოციალური ტრანსფორმაციის ნაწილი. მან, ასევე, განაცხადა, რომ რევოლუციის შემდეგ ხალხი ბევრად ძლიერი და მოუთმენელი ხდება.

„საზოგადოებას სწრაფი შედეგები სურს და რა წამსაც იმედგაცრუებული და ცინიკური ხდება, მაშინვე კარგავს ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობას. ამიტომ არ უნდა შეჩერდე მიღწეულ წარმატებაზე და არ დაიწყო პოპულარობით ტკბობა. წარმატების მისაღწევად რეფორმების პროცესში ხალხის აქტიური მონაწილეობაა საჭირო. ტრანსფორმაციის მამოძრავებელი სწორედ მოქალაქეები არიან. დაბოლოს, მთავარი, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, არის ის, რომ ბრძოლა არასდროს მთავრდება. ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იქნებოდა ის, თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებზე ვიფიქრებდით; ან ის, თუ წარმატებებით ვიტრაბახებდით და დავასკვნიდით, რომ წარმატებას ერთხელ და სამუდამოდ მივაღწიეთ“, – ასეთი იყო საქართველოს პრეზიდენტის გზავნილი ყველა იმ ლიდერის მიმართ, რომელსაც საკუთარი ქვეყნის უკეთესობისკენ გარდაქმნა სურს.

კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პირველი პირი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია უმაღლესი დონის ფორუმია, რომელიც ყოველწლიურად იმართება. წელს ღონისძიებას მაღალი რანგის სტუმრები მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ესწრებიან. მათ შორისაა ნატოს გენერალური მდივანი,  სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციათა ლიდერები.

კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.