სამართალი
თბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, გუშინ კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთის საოლქო პროკურატურამ ჟურნალისტი სოფო ნიკოლაშვილი დააკავა, რომელსაც ბრალად ვიცე-გუბერნატორის ძმისშვილის, 21 წლის გიორგი სიბაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობა და იარაღის უკანონო ტარება წაუყენეს.
იმავე ინფორმაციით, „სოფო ნიკოლაშვილი დავით ნიკოლაშვილის შვილია, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, მანამდე კი „ქართული პარტიის“ გურჯაანის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო“.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა დღეს შსს-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა, რომელშიც ნათქვამია, რომ დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. „კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სოფიო დავითის ასული ნიკოლაშვილი დააკავეს, რომელიც საქართველოს სსკ-ის მე-19, 108-ე და 236-ე მუხლებითაა (მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) ბრალდებული. დაკავებული მის მიერ ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – ნათქვამია განცხადებაში.