საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ ივანიშვილი-„რესპუბლიკელების“ კოალიციაში შესვლას არ აპირებს

Tavisufali-saqarTveloooთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. როგორც საქინფორმს „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა მდივანმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, ბოლო დღეებში საინფორმაციო საშუალებებში მიმდინარეობს დეზინფორმაციული კამპანია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წინააღმდეგ.

„თავდაპირველად „დამოუკიდებელმა ექსპერტებმა“  ბრალი დასდეს პარტიას, რომ ე.წ. მესამე ცენტრი ხელისუფლების დავალებით იქმნება. ამას მოჰყვა სახელისუფლებო არხებზე ბრალდებები ე. წ. მესამე ცენტრისა და რუსეთის კავშირის შესახებ. გუშინ კიდევ ერთხელ გადაიცა ვრცელი სიუჟეტები ცენტრალურ არხებზე, სადაც დამახინჯებული იყო „თავისუფალი საქართველოს“ პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რის გამოც აუცილებლად მიგვაჩნია, გავაკეთოთ შემდეგი განცხადებები:

„თავისუფალი საქართველო“ მხარს უჭერს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის ერთიანი ბლოკით მონაწილეობის იდეას. გამოვთქვამთ მზადყოფნას, გავმართოთ კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ სუბიექტთან ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე. თავისთავად ცხადია, იგულისხმება პოლიტიკური პარტიების მიერ საარჩევნო ბლოკის შექმნა და არა ერთი პარტიიდან მეორეში ცალკეული პირის გადაბარგება.

ამავე დროს, ჩვენ გაგებით ვეკიდებით ივანიშვილი-„რესპუბლიკელების“ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ იდეოლოგიური სხვაობებიდან გამომდინარე, გამორიცხულია თანამშრომლობა მათი მხრიდან რიგ პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის, „თავისუფალ საქართველოსთან“.

„თავისუფალი საქართველო“ მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო არჩევნებში იმ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რომელთა შეხედულებებიც საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე უფრო ახლოს იქნება ჩვენი პარტიის მიერ დეკლარირებულ პრინციპებთან.

ვთხოვთ ყველა ოპოზიციურ ძალას და მათთან ასოცირებულ „დამოუკიდებელ ექსპერტებს“, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისაგან ე.წ. მესამე ცენტრის შესაძლო მონაწილეების წინააღმდეგ. ასეთი ბრალდებები და შემდგომში მათზე პასუხები ყოველთვის წარმოჩენილი იქნება როგორც შიდაოპოზიციური კინკლაობა და ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს“, – განაცხადა შალამბერიძემ.