რელიგია
მიტროპოლიტი იობი ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღების წინააღმდეგია

meufe-iobiთბილისი, 2 თებერვალი, საქინფორმი. გასული თვის ბოლოს წმიდა სინოდის წევრმა, ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა  რუისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მრევლს აუწყა, რომ „წმიდა სინოდის შესაბამისმა კომისიამ ახალი პირადობის მოწმობების საკითხი განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, იშუამდგომლოს მთავრობის წინაშე, რათა შეიქმნას ალტერნატიული დოკუმენტი, რომელშიც არ იქნება ჩიპი და რიცხვი 666“. ამასთან, მეუფე იობმა აღნიშნა, რომ ელექტრონულ პირადობის მოწმობებზე (ID card) უარი თქვეს დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, საბერძნეთმა, უკრაინამ, რუსეთმა და აშშ-ის 29 შტატმა.

საქართველოს პატრიარქიის პრესსამსახურის განმარტებით, 2011 წლის 20 დეკემბერს წმიდა სინოდის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად ახალი პირადობის მოწმობებიც განიხილეს და ამ საკითხის შესასწავლად მართლაც შეიქმნა კომისია, რომელსაც მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია. მათი თქმით, მეუფე იობის მოსაზრება, რომ ახალი ელექტრონული მოწმობები სახიფათო ჩიპს და რიცხვ 666-ს შეიცავს, მისი პირადი აზრია და არა საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია. ამასთან, საპატრიარქოში დაადასტურეს, რომ მიტროპოლიტი იობი ხსენებული კომისიის წევრია.

ID ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან დაიწყო. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 20 იანვრის მონაცემებით, ახალი პირადობის მოწმობებით უკვე 120 ათასი მოქალაქე სარგებლობს.