აქტუალური
საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 2011 წელს გაიზარდა

vneStorgთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქსტატი საქინფორმს ატრყობინებს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წელს 9.24 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 36%-ით მეტია, ხოლო უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა –  4.86 მილიარდი აშშ დოლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. - იტყობინება „საქსტატი“.

ექსპორტმა 2011 წელს 2.19 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (39%-ით მეტი), ხოლო იმპორტმა – 7.05 მილიარდი (34%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით).

იმ 147 ქვეყნიდან, რომლებთანაც საქართველო 2011 წელს სავაჭრო ურთიერთობებში იმყოფებოდა, დადებითი სავაჭრო ბალანსი 32 ქვეყანასთან ჰქონდა. სომხეთი ერთადერთი ქვეყანაა საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორის, რომელთანაც საქართველოს გასულ წელს დადებითი სავაჭრო ბალანსი ჰქონდა (163.95 მილიონი აშშ დოლარი).

საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად 2011 წელს კვლავ თურქეთი რჩება, რომელთან ბრუნვაც 2010 წელს არსებული 1.1 მილიარდი აშშ დოლარიდან 2011 წელს 1.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

შემდეგ მოდის აზერბაიჯანი –1.03 მილიარდი აშშ დოლარი; უკრაინა – 846.8 მილიონი აშშ დოლარი; ჩინეთი – 553.6 მილიონი აშშ დოლარი; გერმანია – 529.6 მილიონი აშშ დოლარი; რუსეთი – 426.3 მილიონი აშშ დოლარი (რუსეთში ექსპორტმა 36.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო რუსეთიდან იმპორტმა –  389.7 მილიონი აშშ დოლარი); აშშ – 389.2 მილიონი აშშ დოლარი; ბულგარეთი – 349.2 მილიონი აშშ დოლარი; სომხეთი – 282.1 მილიონი აშშ დოლარი; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 266.4 მილიონი აშშ დოლარი.

2011 წელს მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტმა ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21% შეადგინა – 450 მილიონი აშშ დოლარით; შემდეგ მოდის ფეროშენადნობი – 255 მილიონი აშშ დოლარი (12%-იანი წილი მთლიან ექსპორტში);  აზოტოვანი სასუქები – 144 მილიონი აშშ დოლარი (7%); თხილი – 130 მილიონი აშშ დოლარი (5.9%); შავი ლითონების ჯართი – 116.8 მილიონი აშშ დოლარი (5.3%); ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული –109.8 მილიონი აშშ დოლარი (5%); სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 85.1 მილიონი აშშ დოლარი (3.9%); სპირტი ეთილის არადენატურირებული – 67.8 მილიონი აშშ დოლარი (3.1%); ე.წ. არმატურა – 61 მილიონი აშშ დოლარი (2.8%); ღვინო – 54.1 მილიონი აშშ დოლარი (2.5%).

2011 წელს ექსპორტში ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპით ხასიათდებოდა თხილი (103%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით);  აზოტოვანი სასუქები (100%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით) და მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი (98%-იანი ზრდა წინა წელთან შედარებით).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2011 წელს  ნავთობი და ნავთობპროდუქტები იყო – 910.9 მლნ აშშ დოლარი (12.9%-იანი წილი მთლიან იმპორტში); შემდეგ მოდის მსუბუქი ავტომობილები – 510.5 მლნ დოლარი (7.2%); ნახშირწყალბადები – 236.6 მლნ აშშ დოლარი (3.4%); სამკურნალო საშუალებები – 201.3 მლნ აშშ დოლარი (2.9%); ხორბალი – 184.2 მლნ აშშ დოლარი (2.6%); სატელეფონო აპარატები, ფიჭური ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – 133.6 მლნ აშშ დოლარი (1.9%); შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები – 102 მლნ აშშ დოლარი (1.4%); შაქარი – 89.7 მლნ აშშ დოლარი (1.3%); სიგარეტი – 86.7 მლნ აშშ დოლარი (1.2%).