რელიგია
დღეს ნინოობაა

27.01wminda-ninoთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. დღეს ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ქართველთა განმანათლებლის, წმიდა მოციქულთასწორის, ქალწულ ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

კაბადოკიელი ქალწული წმიდა ნინო დიდმოწამე გიორგის ახლო ნათესავად ეკუთვნოდა. იგი რომის მხედართმთავარ ზაბულონისა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალის დის, სოსანას, ერთადერთი ასული იყო.

წმინდანმა აღმზრდელი სარასაგან გაიგო, თუ როგორ მოხვდა ქრისტეს კვართი წარმართთა ქვეყანაში – საქართველოში.  ამ დღიდან ნინო გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, რომ საქართველოს ნახვისა და მაცხოვრის პერანგის თაყვანისცემის ღირსი გაეხადა.

ყოვლადწმიდა ქალწულმა შეისმინა ნინოს ვედრება, სიზმარში გამოეცხადა და უთხრა, რომ წასულიყო მის წილხვედრ ქვეყანაში და იქ ქრისტეს სახარება ექადაგა.  ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა ვაზის ჯვარი მისცა ნინოს და უთხრა: „მიიღე ჯვარი ესე ფარად და მფარველად ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა“.

ნინო საქართველოში საკუთარი თმით შეკრული ვაზის ჯვრით შემოვიდა. მცხეთაში მისვლიდან მეექვსე წელს ნინომ ქართლის დედოფალი ნანა გააქრისტიანა, ხოლო შემდეგ – მეფე მირიანი და სამეფო ოჯახის სხვა წევრები.

წმიდა ნინო ბოდბეში გარდაიცვალა და მისი სურვილისამებრ ბოდბეში დაკრძალეს. მოგვიანებით მის საფლავზე მირიან მეფემ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ააგო.

წმიდა ნინოს ხსენების დღე  საქართველოში  წელიწადში ორჯერ აღინიშნება: 1 ივნისს – მისი საქართველოში შემოსვლა,  ხოლო  27 იანვარს – გარდაცვალების დღე.