სამართალი
კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ

kontrol.palata-bidzinaთბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. კონტროლის პალატა საზოგადოებრივ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" თვალთმაქცურ გარიგებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროს ნათია მოგელაძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც კონტროლის პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და, რომლითაც ფინანსური მონიტორინგის სამსახური „ქართულ ოცნებას“ მიმართავს.

„თქვენთვის უკვე ცნობილია, რომ გაცხადებული პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოძრაობა „ქართულ ოცნებაზე“ ვრცელდება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციები. შესაბამისად, მოძრაობა „ქართული ოცნების“ ფინანსური საქმიანობის კანონიერება და გამჭვირვალობა საქართველოს კონტროლის პალატის მონიტორინგის საგანს წარმოადგენს.

ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განხორციელების პროცესში ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის 29 დეკემბერს მოძრაობა „ქართულმა ოცნებამ“ 2011 წლის 26 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მომსახურების შესყიდვის მიზნით საბანკო ანგარიშზე 2 მილიონი ლარი ჩაურიცხა შპს „ელიტა ბურჯს“.

2012 წლის 17 იანვარს შპს „ელიტა ბურჯმა“ მომსახურების სანაცვლოდ გადახდილი 2 მილიონი ლარიდან 100 000 ლარი უკან გადაურიცხა მოძრაობა „ქართულ ოცნებას“. აღნიშნული ფაქტიდან 3 დღეში, შპს „ელიტა ბურჯმა“ 2012 წლის 20 იანვარს გაფორმებული ახალი ხელშეკრულების საფუძველზე, 100 000 ლარის გარდა, მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ კიდევ 1 მილიონი ლარი დაუბრუნა ანგარიშზე.

ვთვლით, რომ სახეზეა მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგების ნიშნები. ორივე ორგანიზაცია რეალურად ეკუთვნის ერთსა და იმავე ფიზიკურ პირს, მოძრაობა „ქართული ოცნების“ გამგეობის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, და, შესაბამისად, თავად არის დამკვეთიც, შემსყიდველიც და შემსრულებელიც. შპს „ელიტა ბურჯსა“ და მოძრაობა „ქართულ ოცნებას“ შორის გარიგება დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ შეთანხმებას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით კი, ბათილია ყველა გარიგება, რომელიც მიზნად ისახავს კანონით დადგენილი წესებისა და შეზღუდვებისთვის თავის არიდებას. ამგვარი გარიგების საფუძველზე გაცემული და მიღებული ქონება მიიქცევა სახელმწიფოს საკუთრებაში.

ამ შემთხვევაშიც მიგვაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ქმედებები განხორციელდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციების გვერდის ასავლელად და მიზნად ისახავს იურიდიული პირისგან, კონკრეტულ შემთხვევაში შპს „ელიტა ბურჯისგან“, მიღებული კანონით აკრძალული შემოწირულობისთვის კანონიერი სახის მინიჭებას.

საქართველოს კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის საფუძველზე ვალდებულია, რეაგირება მოახდინოს კანონის რეგულაციების გვერდის ავლის ყველა მსგავს მცდელობაზე. ჩვენ საქმიანობის განხორციელების პროცესში ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე მუხლით განსაზღვრულ პირებთან თანამშრომლობას ვგეგმავთ. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული სანქიციების გამოყენების თავიდან ასაცილებლად გაძლევთ წინადადებას, მოძრაობა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე იურიდიული პირი შპს „ელიტა ბურჯის“ მიერ ჩარიცხული თანხა 1 100 000 ლარი (ერთი მილიონ ასი ათასი ლარი) გადარიცხოთ უკან – შპს „ელიტა ბურჯის“ ანგარიშზე“, – ნათქვმია განცხადებაში.