თბილისი, 27 იანვარი, საქინფორმი. იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პარტიებისთვის დამატებითი საბიუჯეტო სახსრების გამოყოფის დაპირება მის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს დაფიქსირდა და, შესაბამისად, ამ დაპირების რეალიზაციაც მოხდება.
ამასთან, კუბლაშვილი არ აკონკრეტებს, რა ოდენობის თანხა იქნება აღნიშნული პარტიებისთვის გამოყოფილი და რა პრინციპით გადანაწილდება. ასევე, უცნობია, ბიუჯეტის რომელი მუხლიდან გამოიყოფა ფინანსები პარტიებისთვის, სავალდებულო იქნება ამ თანხის მხოლოდ სატელევიზიო რეკლამებზე დახარჯვა, თუ შესაძლებელი იქნება მისი რადიოზე ან გაზეთებზე გადანაწილება.
რაც შეეხება თავად ცვლილებას, ის „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში უნდა შევიდეს, რომლის ინიცირებაც უახლოეს დღეებში მოხდება, განხილვას კი პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე დაიწყებს.
პარლამენტის საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს იხსნება.