აქტუალური
გრიგოლ ვაშაძე: „დამიჯერეთ, რუსეთი არც საქართველოს ახალ ხელისუფლებას დაელაპარაკება!“

vashadzeee2თბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, „რუსეთის ფედერაცია გადაჭრით ამბობს უარს საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აღიარებაზე და ის ამბობს, რომ არ აპირებს დიალოგს ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან“.

„მაგრამ, დამიჯერეთ, გარანტიას გაძლევთ, რომ, როცა 2012 და 2013 წლებიდან ჩვენ შემდეგი ხელისუფლება გვეყოლება, რუსეთი არც იმ ხელისუფლებას დაელაპარაკება. და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ, უბრალოდ, არ იციან, რაზე უნდა ილაპარაკონ“, – აცხადებს ვაშაძე.

მინისტრის განცხადებით, საქართველო მზადაა, დაელაპარაკოს რუსეთს ნებისმიერ დროს, თუმცა, მისივე თქმით, ამისთვის საჭიროა, ნათლად განისაზღვროს, რა მიზანს ისახავს ეს დიალოგი და ხელს შეუშლის თუ არა ის ჟენევის მოლაპარაკებებს.

„ჩვენი რუსი პარტნიორები ცდილობენ, შეამცირონ შეხვედრების სიხშირე ჟენევაში. თავიდან ჩვენ, სულ ცოტა, თვეში ერთხელ ვხვდებოდით ერთმანეთს, უფრო იშვიათად – ორ თვეში ერთხელ. ახლა ერთმანეთს სამ თვეში ერთხელ ვხვდებით... მალე, ალბათ, ექვს თვეში ერთხელ შევხვდებით და მერე ისინი მთლიანად მოსპობენ ამ მოლაპარაკებებს. ჩვენ, უბრალოდ, ვერ მივცემთ თავს ამის უფლებას“, – აღნიშნავს  მინისტრი.