აქტუალური
სააკაშვილის ადმინისტრაციის კომენტარი მედვედევის განცხადებაზე

manana-manjghvaladze123თბილისი, 26 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა სურს, თუმცა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ“.

„მხოლოდ ერთი ადამიანია, რომელთანაც არ მინდა საქმის დაჭერა. ალბათ, თავადაც გესმით, ვისზე მაქვს საუბარი, მე მას არ შევხვდები და ხელს არ გავუწვდი“, – განაცხადა მედვედევმა. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ მოღვაწეებს და, ზოგადად, ქართველ ხალხს, რუსეთის პრეზიდენტის თქმით, „ძალიან უნდა, რომ გაუცხოების ფაზა რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.

მედვედევის გუშინდელ განცხადებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება ქართულ პოლიტიკურ წრეებში, მათ შორის, კომენტარი საქართველოს პრეზიდენტის სახელით მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღევანდელ ტრადიციულ პრესკონფერენციაზეც გააკეთა. მანჯგალაძე აღნიშნავს, რომ „რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაიხურება უკანონოდ გახსნილი ე.წ. საელჩოები სოხუმსა და ცხინვალში“.

მისი თქმით, „პრობლემა არა პიროვნებებში და მიხეილ სააკაშვილშია, არამედ საქმე ეხება საქართველოს მოსახლეობას, 5 მილიონ მოქალაქეს და, განსაკუთრებით, იმ ათასობით ადამიანს, რომლებიც დღეს სწორედ რუსეთის გამო დევნილობაში იმყოფებიან“.

„გაურკვეველია, რას გულისხმობენ ისინი საქართველოში – მათთვის ეს არის საქართველო საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუ ეს არის საქართველო მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე?.. რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა არ არის ახირება და ეს ნაბიჯი გადადგმული იყო მხოლოდ იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ რუსეთი შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე და დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებული რჩება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.