რელიგია
წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია

neveliiiiiთბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელობის რუსული ეკლესია მდებარეობს ივ. ჯავახიშვილის ქ. №69-ში, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

ტაძარი 1864 წელს აიგო. მშენებლობა მორწმუნეთა დახმარებითა და რუსეთის წმიდა სინოდის მიერ გამოყოფილი 5000 მანეთის მეშვეობით მიმდინარეობდა.

1886 წელს ჩრდილოეთით, დასავლეთითა და აღმოსავლეთით მინაშენებმა ტაძარი მოცულობაში ორჯერ გაზარდა; აღიმართა ერთიარუსიანი სამრეკლო კარიბჭითა და ქვის კიბით; ეკლესია ეგზარქოს პავლეს ინიციატივითა და საეპარქიო არქიტექტორის ზედამხედველობით გაფართოვდა.

ეკლესიაში ორი ტრაპეზია: წმიდა ალექსანდრე ნეველისა და წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელობისა. ეს მეორე ტრაპეზი 1900 წელს დაარსდა საკურთხევლის მარჯვნივ მდებარე ეკვდერში რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს მირონცხების პატივსაცემად. ეს ეკვდერი მთლიანად მრევლის შემოწირულობებით აშენდა. ეკლესიის ტერიტორიაზე მდებარეობს სამლოცველო, რომელიც 1869 წელს აიგო გლამაზდინების ოჯახის მიერ.

ტაძრის ეზოს კარიბჭესთან თეოდორესეული ღვთისმშობლის ხატის სამლოცველოა, რომელიც 1913 წელს აშენდა და მიეძღვნა რომანოვების დინასტიის 300 წლისთავს.

ტაძარში წმიდა ნაწილთა ორი ლუსკუმაა, რომელშიც ინახება წმ. მარიამ მაგდალინელის, წმ. ნინოს, წმ. ნიკოლოზის, წმ. შიო მღვიმელისა და სხვა დიდ წმინდანთა ნაწილები.

ტაძრის ეზოში დაკრძალულია სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო). მის საფლავთან ყოველდღიურად მიდიან მორწმუნენი, მიაქვთ ყვავილები, ანთებენ სანთლებს და ლოცულობენ.

დავით დანელია
www.ambioni.ge