საზოგადოება
თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციის თავმჯდომარე თამილა გურაშვილი საქინფორმს ატყობინებს, „თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაციამ ბოლო დროს მედიით გაახმაურა მუნიციპალიტეტში არსებული თვითმმართველობის მაფიოზურ-კლანური მმართველობის შესახებ ფაქტები, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ადგილობრივ კუდ-ის თანამშრომლებთან. აღნიშნულმა ფაქტმა, ეტყობა, გააღიზიანა კუდ-ის ადგილობრივი თანამშრომლები და ისინი ფარული ზეწოლიდან ღია მუქარაზე გადავიდნენ.
„თავისუფალი საქართველოს“ დედოფლისწყაროს ორგანიზაცია მიმართავს არასამთავრობო და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტით, რადგან ამ პიროვნებებს აქვთ სრული ძალაუფლება იმისათვის, რომ საკუთარი მუქარა სისრულეში მოიყვანონ.
„კუდ-ის თანამშრომლებს კი მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ასეთი მუქარებისგან. ჩვენ არ გვეშინია და არც არასოდეს შეგვეშინდება საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების და ამას ყოველთვის გავაკეთებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.