სამართალი
თბილისი, 24 იანვარი, საქინფორმი. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური საქინფორმს ატყობინებს, ორგანიზაციის თაოსნობით გუშინ გორის რაიონის სოფელ კარალეთში ადგილობრივ ქალთა ინფორმირებულობის ამაღლების ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში მორიგი სემინარი გაიმართა.
ღონისძიებას სხვადასხვა პროფესიის მქონე 25-მდე ქალბატონი ესწრებოდა. ისინი გაეცნენ უფლებებს, რომლებიც მათ ენიჭებათ ეროვნული კანონმდებლობითა და საერთაშორისო კონვენციებით. ასევე, მექანიზმებს, რომლებიც ქალთა წინააღმდეგ ძალადობის შემცირებას უწყობს ხელს.
„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ თვლის, რომ ქალთა ინფორმირებულობის ამაღლება ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია, რათა გაიზარდოს ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
აღნიშნული სახის სემინარები სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სოფლებში გაიმართება.