ილია მეორე გერმანიაში გეგმურ გამოკვლევებზე იმყოფება
თბილისი, 23 იანვარი,
საქინფორმი. როგორც გამგზავრებამდე ჟურნალისტებს პატრიარქის მკურნალმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა, უწმიდესი მიემგზავრება ბერლინში იმავე კლინიკაში, სადაც მას, დაახლოებით, 4 წლის წინათ რამდენიმე კარდიოლოგიური გამოკვლევა და მათ საფუძველზე კარდიოლოგიური მანიპულაციები ჩაუტარდა. „დაგვიკავშირდა კლინიკა და გვთხოვა ჩასვლა, რათა პატრიარქს გეგმური გამოკვლევები ჩაუტარდეს. ამას დაახლოებით 10-12 დღე დასჭირდება. იქ ყოფნის პერიოდში პატრიარქს შესაძლოა, სხვა, ძალიან ხანმოკლე სარეაბილიტაციო კურსი და გამოკვლევებიც ჩაუტარდეს“, – განმარტა შარტავამ.
უწმიდესი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მრევლმა და მღვდელმთავრებმა გააცილეს. პატრიარქს გერმანიაში მკურნალ ექიმთან ერთად რამდენიმე სასულიერო პირიც გაჰყვა.
გამგზავრებამდე კი, სამების საკათედრო ტაძარში გერმანიაში ვიზიტზე თავად პატრიარქმაც ისაუბრა. „დღეს მივემგზავრები გერმანიაში, ბერლინში. იქ უნდა გამსინჯონ ექიმებმა. თქვენი ლოცვების იმედით მივდივარ. ილოცეთ ჩვენთვის. ჯვარი გეწეროთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ“, – მიმართა უწმიდესმა მრევლს.
უწმიდესი გერმანიაში მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისამდე დარჩება.