თბილისი, 20 იანვარი, საქინფორმი. „ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი და რაც შეიძლება სამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს შექმნაში დაეხმაროს საქართველოს“, – განაცხადა აშშ-ისს ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა.
აშშ-ის ელჩმა განაცხადა, რომ ინდივიდუალური მცხოვრების მიბმა კონკრეტულ მისამართებზე რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი – დაწყებული საგანგებო სამსახურებისთვის კონკრეტული ადგილმდებარეობის მოძებნის გამარტივებიდან, ამომრჩეველთა რეგისტრაციის გაუმჯობესებით დამთავრებული, რაც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
მან, ასევე, განაცხადა, რომ პროექტი დაეხმარება, მოგვარდეს ის „არსებული წუხილები და შესაძლო შეუსაბამობების, შეუსაბამობების შეგრძნება, რაც თბილისში ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით არსებობს“.
„ეს არის ჩვენი მიმდინარე ვალდებულების ნაწილი, რომ დავეხმაროთ ამ ქვეყნის მოსახლეობას, შექმნან რაც შეიძლება საუკეთესო, რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი, და რაც შეიძლება სამართლიანი წინასაარჩევნო გარემო წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბასმა.
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID) მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თბილისის მერი გიგი უგულავაც ესწრებოდნენ.
„მნიშვნელოვანია, რეალურად შევქმნათ, და არა მხოლოდ ლაპარაკის დონეზე, კარგი საარჩევნო გარემო, რომელსაც წინაპირობად სწორედ ზუსტი აღრიცხვიანობა სჭირდება,“ – განაცხადა გიგი უგულავამ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდგომ.
იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ქუჩის სახელწოდებების დუბლირების თავიდან აცილებას დაეხმარება. „ეს მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა მან.