საზოგადოება
ნაკრებში ყველაზე ძვირადღირებული კაშიაა
kashiaთბილისი, 18 იანვარი, საქინფორმი. საერთაშორისო სააგენტო „Transfermarkt“-მა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასები გამოაქვეყნა, სადაც 4 მილიონი ევროთი მერაბ ჟორდანიას კლუბ „ვიტესის“ ქართველი კაპიტანი გურამ კაშია ლიდერობს. ქართველი მცველი ერედივიზიონის მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ საუკეთესო თამაშს აჩვენებს. რამდენიმე სოლიდურმა გამოცემამ ის სიმბოლურ ნაკრებებშიც შეიყვანა, ამიტომ მისი სატრანსფერო ფასის ზრდა სულაც არაა გასაკვირი.
სამ მილიონ ევროდ ალექსანდრე ამისულაშვილია შეფასებული, რომელმაც „კრასნოდარის“ რიგებში ურიგო სეზონი ნამდვილად არ ჩაატარა.
ამისულაშვილს ფეხდაფეხ მოსკოვის „სპარტაკის“ ჯანო ანანიძე მოსდევს, რომლის სატრანსფერო ფასი ახლა ორი მილიონი ევროა. ვინაიდან ანანიძე რუსეთში წლის იმედგაცრუებად დასახელდა, ტრავმების გამო გარკვეული პერიოდიც გაუცდა, ასეთი შეფასება მოულოდნელი არ ყოფილა.  1 500 000 თურქული „კაიზერსპორის“ ქართველი მცველის –  ზურაბ ხიზანიშვილის, სატრანსფერო ღირებულებაა, ხოლო 1 200 000-ად  ეროვნულ გუნდში ნუკრი რევიშვილი („კრასნოდარი“, რუსეთი), უჩა ლობჟანიძე („კრივბასი“, უკრაინა), ვლადიმერ დვალიშვილი („პოლონია“, პოლონეთი) და ოთარ მარცვალაძე („კრასნოდარი“, რუსეთი) არიან შეფასებული.
„მილიონერთა“ ჯგუფს უკვე კვიპროსული „ანორთოსისის“ ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი დავით კვირკველია ასრულებს, რომელის ღირებულებაც ზუსტად ერთი მილიონია.
ნაკრებში ყველაზე დაბალი სატრანსფერო ფასი უნგრული „დიორის“ ქართველ ნახევარმცველ გიორგი განუგრავას აქვს (200 ათასი ევრო).