რელიგია
პატრიარქის ინიციატივა სკოლებში ახალი საგნების სწავლების თაობაზე

patriarqii2თბილისი, 17 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სკოლებში ახალი საგნების სწავლების ინიციატივით გამოდის. პატრიარქმა ამის შესახებ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.

პატრიარქმა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის განვითარების აუცილებლობაზე ისაუბრა და ხელისუფლებას მოუწოდა, ხელი შეუწყოს ამ ორი დარგის განვითარებას.

„აუცილებელია ფსიქოლოგები ყველა დაწესებულებაში. ფსიქოლოგები საჭიროა ეკლესიაშიც, სკოლებშიც, ინსტიტუტებშიც. ფსიქოლოგები უნდა ესაუბრონ ადამიანებს. ამიტომ მე მინდა, ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფსიქოლოგიას და ფილოსოფიას. ბოლო დროს თითქოს დაიხურა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტი. სინამდვილეში ეს ძალიან საჭიროა, ამიტომ მე ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ბატონ პრეზიდენტს, რომ მიაქციოს ამას ყურადღება. ადამიანს სჭირდება ფილოსოფიური, განყენებული და ანალიტიკური აზროვნება. როცა რაღაცას აკეთებს ადამიანი, უნდა  გააანალიზოს, ეს საქმე დადებითია თუ უარყოფითი... ჩვენ ამის შესახებ 30 წელია, ვლაპარაკობთ, მაგრამ მაინცდამაინც ვერ გავიგეთ იმის შესახებ, რომ ეს აუცილებელია“, – აღნიშნა ილია მეორემ.

მისივე თქმით, კარგი იქნება, რომ სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით ისწავლებოდეს საგნები – ფსიქოლოგია, ლოგიკა და ფილოსოფია, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ანალიტიკური და ფილოსოფიური აზროვნების უნარის მქონე ახალგაზრდებს.

„ასეთ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ მოაზროვნე ახალგაზრდობას. ახალგაზრდობას, რომელიც არ დაუშვებს შეცდომას, ისეთ ახალგაზრდობას, რომელსაც ექნება უნარი ფილოსოფიური აზროვნებისა. ამიტომ ჩვენმა განათლების სამინისტრომ, ოჯახებმა, მშობლებმა, სამღვდელოებამ, პატრიარქმა, პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ახალგაზრდობა და არა მხოლოდ მუშახელი. ჩვენ გვჭირდება ისეთ ახალგაზრდობა, რომელიც დაადგება ჭეშმარიტ გზას, რომელიც გაიკვლევს გზას“, – ბრძანა პატრიარქმა.