აქტუალური
"ПИК"-ი „ალანიამდე“ „ჩამოაქვეითეს“

PIKchannelთბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვანი მესამე არხი, „პირველი საინფორმაციო კავკასიური“ („ПИК“) ერთწლიანი მართვის უფლებით კომპანია „ალანიას“ გადაეცა, რაც ოფიციალური ხელშეკრულებით დღეს გაფორმდება. ჯერჯერობით მაუწყებლობა არხზე შეწყვეტილია „პროფილაქტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით“. ცხადია, რომ გადაწყვეტილია „ПИК“-ის „ჩამოქვეითება“, რადგან მან თავი ვერ გაართვა დაკისრებულ ამოცანას (კავკასიაში ანტირუსულ პროპაგანდას) და მისი „ალანიასთვის“ გადაცემა.  ამ არხს დღემდე კერძო კომპანია შპს „ქეი 1“ უძღვებოდა, რომელმაც მართვის უფლება საზოგადოებრივი მაუწყებლისაგან 2010 წლის ივლისში მიიღო.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, არცთუ დიდი ხნის წინათ „ПИК“ მისმა დამფუძნებელმა და სპონსორმა ბორის ბერეზოვსკიმ მიატოვა, ახლა კი მას საქართველოს ხელისუფლებაც ტოვებს, რომლისთვისაც არხი ინტერესს აღარ წარმოადგენს, მითუმეტეს, ვ. პუტინის მოახლოებული პრეზიდენტობის გათვალისწინებით.

შპს „ალანია“, რომლის გენერალური დირექტორი ალექსანდრე ფარულავაა, რუსულენოვანი ტელეკომპანია „რეგიონ TV“-ს მფლობელიცაა. „ალანია“ 2012 წლის ბოლომდე მართავს „ПИК“-ს და მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიზნით 14 მლნ ლარი გამოეყოფა. საზოგადოებრივი მაუწყებელი წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სულ 49.6 მლნ ლარის დაფინანსებას მიიღებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა „ПИК“-ის მართვის უფლებით გადაცემის თაობაზე ტენდერი დეკემბრის ბოლოს გამოაცხადა. ტენდერის პირობების თანახმად, ახალი მმართველი უფლებამოსილია, შეადგინოს და შეავსოს სამაუწყებლო ბადე როგორც ძირითადი, ისე მის მიერ დამზადებული ან შეძენილი, მათ შორის, „ПИК“-ის ეთერში უკვე გასული პროგრამებით, და უზრუნველყოს არხზე დღეში არანაკლებ 18-საათიანი პროგრამული მაუწყებლობა. მმართველმა კომპანიამ, ასევე, უნდა უზრუნველყოს ტელეარხის ვებგვერდის პერიოდული განახლება და ინტერნეტმაუწყებლობა.