თბილისი, 16 იანვარი, საქინფორმი. პოლონური საიტების ინფორმაციით, 26 წლის ქართველი თავდამსხმელი ვლადიმერ დვალიშვილი მეორე ფეხბურთელი იქნება, რომელიც ისრაელიდან პოლონეთის ექსტრალიგაში, კერძოდ კი, ვარშავის „პოლონიაში“ ითამაშებს. „ბეითარ იერუსალიმიდან“ პოლონეთში უკვე გადაბარგდა ებრაელი ავირა ბარუჩიანი, მეორე კი სწორედ ჩვენებური იქნება.
„დვალიშვილს ებრაული მხარე ნახევარ მილიონ დოლარად აფასებს და მას კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, თუკი პოლონელები „მაკაბისთვის“ მისაღებ შემოთავაზებას გააკეთებენ, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე ქართველი პოლონეთში გადმოვა“, – ნათქვამია გამოცემაში. თუკი ამ ინფორმაციას ვენდობით, დვალიშვილის ტრანსფერზე ჰაიფელები და ვარშაველები უკვე შეთანხმებული უნდა იყვნენ.
ლადო დვალიშვილი ჰაიფას „მაკაბიში“ 2009 წელს გადავიდა. ებრაული გუნდის მაისურით დღემდე 64 მატჩი გამართა და 35 გოლის გატანაც მოახერხა.