საქინფორმის სტუმარია - აკადემიკოსი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, თურქოლოგი, ბატონი ელიზბარ ჯაველიძე.
– ბატონო ელიზბარ, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო გემები ირანის სანაპიროს მიადგნენ. ამერიკას მოკავშირეები მხარდაჭერას ჰპირდებიან. რუსეთის ძველი ბაზების ადგილზე, ფაქტობრივად, ამერიკის ბაზები განთავსდება და საქართველო პოლიგონად იქცევა...
– უპირველესად, ქართველ საზოგადოებასა და ხალხს მინდა, მივულოცო შობა-ახალი წელი. დიდი ილიასი არ იყოს, „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!“ სამწუხაროდ, არც ამჟამინდელი საქართველოს ყოფით ვარ ბედნიერი და არც მომავლის დიდი იმედი მაქვს. ოპტიმისტი კაცი ვარ, მაგრამ რეალობას რომ ვუყურებ ამ ბოლო დროს, ძალზე შავი და ბნელი პერსპექტივა გველის. ყოველივე ეს არის ჩვენი უსუსური ხელისუფლების გადამკიდე. უფრო სწორად, ესენი არიან დაქირავებულნი სხვა ძალების მიერ და პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილის ქმედება ანგრევს და აცამტვერებს საქართველოს. საქართველოს სწორედ ის ანგრევს, რაც „სააკაშვილის ტახტს“ აძლიერებს.მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება საქართველოს როგორც ფიზიკურ, ისე სულიერ გაჩანაგებაზეა დაფუძნებული. პირველად მეგონა, რომ, როგორც სჩვევია, გაეღვიძა და ლაზიკის აშენება „მოელანდა“, ნახევარმილიონიანი ქალაქი და სხვა, მაგრამ მერე არნო ხიდირბეგიშვილის წერილი წავიკითხე. იქ ძალზე საინტერესო ანალიზია მოცემული და გამახსენდა, რომ ეს ღრმა სანაპიროა ყულევთან და ჯერ კიდევ კომუნისტების დროს ცდილობდნენ იქ წყალქვეშა ნავების სადგომის მოწყობას. ჩანს, ამერიკა არ იშურებს იმ დაბეჭდილ დოლარებს, რომელთა მიღმაც არც ოქროა და არც არაფერი. ფაქტობრივად, გარდასულ პრეზიდენტთა სურათებით დამშვენებული ქაღალდია. მხოლოდ ის ამაგრებს, რომ მთელი მსოფლიო სისტემა და სავალუტო ფონდი ფინანსურ ოპერაციებს ამ დოლარით ახორციელებს. ჩანს, ლაზიკა ამერიკის სამხედრო პერსონალის მომსახურე ქალაქი უნდა გახდეს. 500 000 კაცი მთელ სამეგრელოში არ არსებობს. იქ ჩასასახლებლად და გასავსებად მთელი სამეგრელო უნდა მივიდეს. ეს სრულებით არ აინტერესებთ. ამათი პოლიტიკა ამერიკელებითა და ეთნიკურად უცხოტომელებით საქართველოს გავსებაა. უცხოტომელი შეიძლება იყოს როგორც ინდივიდი, მაგრამ დიდ მასად შემოსული უცხოტომელები ქართულ გენეტიკურ კვალს კლავს და ეთნიკურ ავტოქტონურ ერს ანადგურებს. სააკაშვილის არგამეტების მიზეზი, ყველა გაყალბებული არჩევნების „დემოკრატიულად აღიარება“, ამერიკისგანაც მისი „დემოკრატიის შუქურად“ აღიარება, ქალბატონი კლინტონის მიერ, რუსეთში ჩატარებული არჩევნების ერთხმად გაყალბებულად გამოცხადება, იქაურ დარღვევებზე და მომიტინგეთა დარბევებზე საუბარი, უარესზე, როდესაც 26 მაისის სასაკლაოზე ჩაკლეს ქართველები, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხი აპროტესტებდა, რომ სააკაშვილი არ გახლავთ ის მთავარსარდალი, რომელსაც აღლუმის ჩაბარების უფლება აქვს... სასაკლაო აშშ-ის ელჩ ბასის მითითებით არ მოაწყვეს?
– ეგვიპტის პრეზიდენტს მთავარ ბრალდებად მიტინგის დროს მომიტინგეთა დახოცვა არ წაუყენეს?
– სწორედ ეს არის ორმაგი იანუსის სტანდარტი. დღეს, სამწუხაროდ, არც ოპოზიციონერები და არც არავინ სამართლიან აუგს ამერიკაზე არ ამბობენ. იმედი აქვთ ამერიკის, რადგან, ფაქტობრივად, ჩვენ ამერიკის კოლონიად ვიქეცით და პარლამენტშიც ვინც უნდათ, ის შეჰყავთ.
– ბატონო ელიზბარ, კლინტონი ახსენეთ. წელს ამერიკის საგარეო პრიორიტეტად სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვა გამოცხადდა. ინგლისის პრემიერის განცხადებით კი, ის ქვეყნები, ვინც ასეთი უმცირესობების უფლებებს არ დაიცავს, საგარეო დახმარებების გარეშე დარჩება...
– ეს იმას ნიშნავს, რომ ხდება მორალური წარყვნა და ჩვენი საზოგადოებისა და ხალხის ზნეობრივი გახრწნა სურთ. ამერიკა ჩვენს სულში აფათურებს ხელს და ქართული ბუნების, მენტალიტეტისა და ხასიათის გადაგვარება სურს. როდესაც გერმანიაში ვიყავი, ორმა თუ სამმა ამერიკელმა, რომელთაც გეის ტიპის ადამიანი აეკიდა, ამ ადამიანს სცემეს და ხეზე მიაბეს. ბილ კლინტონი მაშინ პრეზიდენტი იყო და ერთი ამბავი ატეხა – როგორ შეიძლება ასეთი რაღაცებიო, მაშინ, როცა ნატოს ჯარები კლინტონის მითითებით ბომბავდნენ სერბეთს. ხალხი ამოხოცეს. რადიო და ტელევიზიაც დაბომბეს. ბოდიშის ნაცვლად კი მილოშევიჩს უთხრეს საყვედური – დიქტატორი მილოშევიჩი სამ წყებაში ამუშავებდა ადამიანებსო. აღდგომა დღეს ჩამოგდებულ ბომბებს ეწერა „გილოცავთ აღდგომას! “ ეს თურმე „დემოკრატია და კაცთმოყვარეობა“ ყოფილა... თქვენც, ყველა წესიერ ქართველსა და ქალს აღიზიანებს ის უზნეობა, რაც საქართველოში ხდება. მამათქვენი ხშირად ამბობს და მეც გავიმეორებ: „რაც კი კახპები გვყავდა, ყველა ტელევიზორში გამოყარეს“. და დღეს საქართველოს პრობლემა თურმე „ქალწულობის პრობლემა“ ყოფილა... მაშინ, როდესაც ქართული ეროვნული ცნობიერება, კულტურა და ყველაფერი თავზე გვენგრევა.
– რუსეთის ძველი ბაზების ადგილზე, როგორც ამბობენ, ნატოს ბაზები ეწყობა და იქ აღარავის უშვებენ. ეს ბაზები განლაგებულია ჯვრის მონასტერთან, არმაზის თავზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გასწვრივ – ფაქტობრივად, ჩვენს მთავარ სიწმინდეებთან. ბაზები „შემთხვევით“ ზუსტად ჩვენს სიწმინდეებთან არის განლაგებული და საპასუხო დაბომბვის პირობებში შესაძლოა, განადგურდეს სერბეთის მართლმადიდებლური სიწმინდეების მსგავსად...
– ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთმა ამერიკას სპარსეთზე მიმავალი გზები გადაუკეტა. ერთადერთი გზა საქართველოღა დარჩა. ამიტომ არის, რომ მარნეულის აეროდრომი მთლიანად გასაიდუმლოებულია. ეს არის ამერიკის ასაფრენი ბაზა და, რაც ყველაზე შეამაძრწუნებელია, ყოველდღიურად ზარ-ზეიმით გახსნილი ეს 20-25-ადგილიანი საავადმყოფოები ამერიკელი სამხედროების ჰოსპიტალიზებისთვის მზადდება. სააკაშვილი კი მარნეულში გამოდის და ამბობს – ხალხს აგიშენეთო. იმ ძვირადღირებულ საავადმყოფოს რომელი ქართველი კაცი შესწვდება?! თავად და თავისი ოჯახის წევრები შეიძლება შეიყვანოს. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვხდებით პლაცდარმი და ირანმა „შაჰ-აბაზები“ – „პირველი და მეორე“, შემთხვევით არ გაუშვა, რომელიც 250 კილომეტრში ანგრევს ყველაფერს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმაც თქვა, რომ „ჩვენ შესაძლოა, ამერიკას ვერ მივწვდეთ, მაგრამ იმ ქვეყნებს, რომლებიც მათ მხარს დაუჭერენ და მათ ბაზად იქცევიან, მივწვდებით“...
– ანუ პირდაპირ ჩვენ?
– დიახ, პირდაპირ დარტყმის ობიექტი ვხდებით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ტერიტორია გაცემულია მთლიანად. რომ აღარაფერი ვთქვათ აჭარაზე. ის საქართველო უკვე აღარ არის. 18 000 თურქი და 6 000 სომხური ოჯახია ჩასახლებული აჭარაში. ესენი ლაღობენ და ხარობენ, რომ აღმოსავლური არქიტექტურით „დამშვენებული“ ბათუმი, რომელიც პატარა და მარგალიტივით მშვენიერი ქალაქი იყო, რაღაც კიჩის ნიმუში გახდა. ნახეთ, ან აქ, ან ბათუმში რა ძეგლებს დგამენ, როცა დავით აღმაშენებელი გააქვთ ქალაქიდან...
– სააკაშვილი ბათუმელებს არ სწყალობს. ახლა ივნისში თურმე ელტონ ჯონის კონცერტის გამართვას გეგმავს, რომლის კონცერტსაც, ალბათ, უამრავი გეი სტუმარი და მასპინელი დაეწრება და აქამდე ვერაფრით ჩატარებულ უმცირესობების აღლუმს ამ ფორმით აღნიშნავს...
– დიახ. ალბათ, ამას აპირებს. მთელი უბედურება კი მაინც ის იქნება, რომ, თუ ეს ომი (ირან-ამერიკის. – ბ.ა.) გარდაუვლად დაიწყება, ჩათვალეთ, რომ საქართველო აღარ იქნება. ამათ დიდი ფული აქვთ – მილიარდერები არიან. ამასწინათ მარნეულში გამოდიოდა და ლაქლაქებდა – ჩვენ არც შუქი გვაქვს, არც გაზი და არც ნავთობი, მაგრამ, ასევე, არ გვაქვს კორუფციაო. თურმე საქართველოში კორუფცია არ ყოფილა! ეტყობა, ახლომხედველია და ვერ ხედავს. მიმოიხედოს მის ირგვლივ, რა დღეში არიან, ეს „ცალი კალოშით“ ჩამოსული ადამიანები როგორ გამდიდრდნენ.
– ბატონო ელიზბარ, როგორც ცნობილია, თქვენ მიხეილ სააკაშვილს ენათესავებით. სააკაშვილი იმდენ ტყუილს გაიძახის, სანათესაოში გვარად მიუნჰაუზენი ხომ არ გყოლიათ ვინმე?
– ჩვენს გვარეულობაში არავინ ურევია მიუნჰაუზენის გვარის. რაც ამას სჭირს, ეს უკვე ავადმყოფობაა. კაცი ჭკუაზეა გადასული. ნახეთ, რა თქვა? – „ახლა იტყვიან, რომ წინასწარ გადავწვიტეთ. ჩვენ კი მოულოდნელად, ერთ საათში გადავწყვიტეთ მარნეულში ჩამოსვლა“... ე.ი. მოულოდნელად ჩავიდა მარნეულში და ამ ყვითელი ავტობუსებით იქ ხალხი რომ ჩადიოდა. ის არ იცის?! სამწუხაროდ, ქართველი ერი, ეს ტრადიციული სულიერი ორგანიზმი, რომელზეც 26 წლის მიხაკო წერეთელმა დაწერა „გენი და კაცობრიობა“, დაიმცრო.
– სხვაგვარად არ შეიძლება. ჩვენი გენი აუცილებლად გამოიღვიძებს. ასე ვერ გაგრძელდება...
– ამის მოთმენა, რასაც დღეს ვუყურებთ და რაც ხდება, აღარ შეიძლება. მართალია, ძირითადად, „კრიკუნები და შემძახებლები“, თანაც, უმეტესწილად, ბავშვები მოჰყავთ.
– ბატონო ელიზბარ, კალიგულას დაჰქონდა ასე ტრიბუნა და ტაშისდამკვრელი ბიჭები დაჰყავდა თან...
– ახლა რა წიგნსაც გაჩუქებ, იქ სააკაშვილის კალიგულასთან ოცი პარალელი მაქვს მოყვანილი. ერთ-ერთზე ჯდება.
– არა მარტო კალიგულასთან, ბოკასთანაც ბევრი აქვს საერთო, გახმაურებული „კანიბალიზმის“ კუთხით...
– ეს უკვე მოდერნიზებული ტირანის სახეა. პლატონი ტირანების დახასიათებისას ამბობს, რომ იქ არის ადამიანის ხორცი, გაზავებული ნანადირევთან. იმას რომ შეჭამენ, მგლის ფუნქციას იძენენ, მგლებად იქცევიან და სისხლს რომ იგემებენ, ვეღარ ეშვებიან. აი, ეს არის ტირანის ბუნება და დღეს სწორედ ამას ვხედავთ. იმიტომ, რომ შერჩა ერთი, მეორე, მესამე... როგორც მის წინაპარსაც შერჩა ყველაფერი. მსოფლიო კი არ სჯის ამისთვის, პირიქით – აცხადებს, რომ ყოფილ პოსტსაბჭოთა სივრცეში ეს „პირველი რეფორმატორი და დემოკრატიის შუქურაა“. თუ დროზე არ გამოვფხიზლდით და ეს კაცი არ მოვიშორეთ... მაგრამ მოშორება ისე არ უნდა მოხდეს – „ოღონდ შევარდნაძე წავიდეს და ვინც უნდა, მოვიდესო“ – რომ ვიძახდით. ახლა სააკაშვილი რომ წავიდეს და რესპუბლიკელები მოვიდნენ, უარესს იზამენ. სააკაშვილი უკვე შიშველი გიჟია, მაგრამ ესენი მიზანმიმართულად ჯერ კიდევ როდის იძახდნენ, აფხაზეთი დამოუკიდებლად უნდა გამოცხადდესო.
– იქამდე მივედით, რა შეკითხვის დასმასაც ვაპირებდი – როგორ აფასებთ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას?
– პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის შემოსვლას ძალზე დადებითად ვაფასებ. აღვნიშნე კიდეც, რომ დადებით მოვლენად აღვიქვი ეს კაცი, რომელმაც თქვა: „მოვედი იმისთვის, რომ საქართველო ხელიდან მეცლებოდა და თუ სამშობლო გეკარგება, აღარაფერს ფასი აღარ აქვს და აღარც ცხოვრებას“... მე არც შევარდნაძის და არც სააკაშვილის მოსვლას არ მივსალმებივარ. შევარდნაძეზე ვთქვი – ეს სისხლის ბილიკებით მოდის და ასეთი ბილიკებით ივლის-მეთქი. სააკაშვილის ბუნება კი ვიცოდი. ცხონებული მუხრან მაჭავარიანი და ბოჭორიშვილი მეუბნებოდნენ – „ახალგაზრდა კაცია, შენი გაზრდილია და იქნებ ვაცალოთო“...
– ბატონო ელიზბარ, ბოლოს და ბოლოს, ვისი გაზრდილია სააკაშვილი?
– მუხრანს ვეუბნებოდი – ჩემი გაზრდილი რომაა და ვიცი, რასაც წარმოადგენს, იმიტომ არ მინდა-მეთქი.
– „გამზრდელის“ დარად, თქვენ არ მოგიბრუნდნენ, ბატონო ელიზბარ...
– გამზრდელი არა, უბრალოდ, ჩემ თვალწინ იზრდებოდა. მაგას აბაშიძეებისა და წერეთლების სახით კარგი გამზრდელები ჰყავდა, მაგრამ ვერ გაზარდეს, რადგან, ხომ გსმენია: „მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს, თუ ბუნებამც არ უშველა“... მე ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის მიმართ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მან გვერდით დაიყენა, „ქართული ოცნების“ განმახორციელებლები არ არიან. ალასანიასთან პიროვნულად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ ისიც იმავე ამერიკის პროექტია და, ალბათ, ისიც ამერიკის კარნახით მოიქცევა. ამერიკა კი ჩვენ სიკეთეს არასოდეს მოგვწევს. ეს ყველამ უნდა იცოდეს! ხოლო თუ ძალით ყურებს დავიხშობთ და თვალებს დავიბრმავებთ, ამით არაფერი შეიცვლება. ბასი როცა აცხადებს – ამერიკამ საქართველოს სამი მილიარდი გადმოგირიცხათო, მაგ თანხიდან საქართველოს ერთი ცენტიც არ მიუღია. ყველაფერი რაღაც უმსგავსო შენობებზე დაიხარჯა. „ეკონომიკური თვთმკვლელის აღიარება“ წაკითხული გექნებათ და იქ ყველაფერი ნათლად არის ახსნილი.
– სვანეთში კაშხალის მშენებლობას აპირებენ და თურქეთში ელექტროსადგურის ასაშენებლად მტკვარს კალაპოტი უნდა შეუცვალონ, რის გამოც თბილისში მტკვარი საერთოდ აღარ შემოედინება... როგორ წარმოგიდგენიათ თბილისი მტკვრის გარეშე?
– ესეც ხომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკაა. არც ამათ და არც ამერიკას სურს, დედამიწაზე ქართველი ცხოვრობდეს. თურქეთის ბუნებას მე ვერავინ მასწავლის. რამდენიმე ტომი მაქვს ნათარგმნი მათ ისტორიასა და ბუნებაზე. არასდროს დაუშვიათ, რომ აჭარა მათი არ არის. ამინდის პროგნოზის გადმოცემისას, როგორც ჩვენ ვამთავრებთ სოხუმით, თურქები აჭარის ამინდის პროგნოზით ასრულებენ. ერთმა თურქმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა მითხრა – აჭარა ძალიან იაფად ვიყიდეთო. ამ კაშხალების მშენებლობა ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. სვანეთსა და ლეჩხუმს წალეკავს და არა მარტო მათ. ამ კაშხალებს რეგიონული კატასტროფის გამოწვევაც შეუძლია. ერთი მაინც რომ დაინგრეს, თბილისსაც წალეკავს და, მგონი, ბაქომდეც ჩავიდნენ. ამათ არ უნდათ საქართველო. არ სურთ, ჯავახეთი საქართველო რომ იყოს და იქ დღესაც სომხური დროშა ფრიალებს. ჩვენ არავის წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ტოლერანტები მხოლოდ ჩვენ უნდა ვიყოთ? სომხები რატომ არ არიან ჩვენ მიმართ ტოლერანტები? არც ბაქოში და არც სომხეთში ორი პროცენტი არ არის უცხოტომელი. „ტოლერანტობა“ ბიოლოგიური ტერმინია, როდესაც ორგანიზმში ავადმყოფობა, ბაცილები იჭრება და ორგანიზმი მათ ათვინიერებს, ხოლო როდესაც ვერ ათვინიერებს, ადამიანს კიბო ემართება. ჩვენ სწორედ კიბო გვჭირს, რომელიც ჩვენს ორგანიზმსა და სულიერებას ხრავს. ამიტომაც უტევენ მართლმადიდებლობასა და უწმიდესს თავისუფლების ინსტიტუტის ჭაობში გაზრდილი ყმაწვილები, რომლებიც ვითომ ეკლესიაში დარბიან და სანთლებს ანთებენ. არსებობენ პირფერი ადამიანები, მაგრამ ესენი ფარისევლები არიან. ასეთ ფარისევლებს მე პირისპირ მოსული მტერი მირჩევნია.
– ბატონო ელიზბარ, ამბობენ, რომ შობის წინ ჩაფიქრებული სურვილი სრულდება. თუ შეიძლება თქვენი სურვილის ხმამაღლა გაცხადება?
– 73 წლის კაცი ვარ. ჩემი პირადი ცხოვრება უკვე დასრულდა. დაძინებისას და გაღვიძებისას ერთადერთი სურვილი მაქვს – გაერთიანებული, დამოუკიდებელი და ზნეობრივად გამართული საქართველო ვნახო. ვინც ამ მიზნისთვის იბრძოლებს, ყველას კარის დარაჯად და ფეხის დამბანად დავუდგები. ის ადამიანი კი, ვინც ამის საწინააღმდეგოდ იბრძოლებს, მარტო ჩემი კი არა, საქართველოს დაუძინებელი მტერია.
– ღმერთმა გისმინოთ, ბატონო ელიზბარ. ნუ ვიქნებით პესიმისტები. ხალხში დიდია რწმენა, რომ ბიძინა ივანიშვილს შესწევს უნარი, ისეთი ადამიანები დაიყენოს გვერდით, ვინც ქვეყნის სასიკეთოდ იმოქმედებს; შეძლებს, საქართველოს მტერ-მოყვარე კარგად გაარჩიოს, ამით კი საქართველო გაიყვანოს სამშვიდობოს. ქართულ მიწაზე გაზრდილ კაცს საქართველოსთვის კარგის მეტი არაფერი უნდა სურდეს...
– ღმერთმა ქნას. სწორედ ქართულ მიწაზე რომაა გაზრდილი, შვიდი წელი თავის მიწაზე რომ ცხოვრობდა და პარიზსა და უცხოეთში არ წავიდა საცხოვრებლად, ამიტომ მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილი ბოლო იმედია. ღმერთმა არა ქნას, ეს იმედიც გაცრუვდეს. ეს თუ მოხდა, საქართველო აღარ იარსებებს. ამიტომ უფლის რწმენა მაქვს და მიხარია ამ ბოლო დროს. თანაც, კარგი ოჯახი ჰყავს. ეს ოჯახი ხშირად დადის პატრიარქთან და მისი გავლენა დადებითად იმოქმედებს. სიმდიდრე ცალკე რამ არის. სულიერი სიმდიდრე კი სულ სხვაა. სულ ვლოცულობ, რომ ეს იმედი გამართლდეს. სხვა შემთხვევაში დაღუპულია საქართველოს საქმე.
ესაუბრა ბაია ამაშუკელი
საქინფორმი