თბილისი, 12 იანვარი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის გაგზავნილ მიმართვაში მილიარდერი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის – ბიძინა ივანიშვილის, მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის თაობაზე სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას ითხოვს, რაც მას პოლიტიკური პარტიის შექმნაში მონაწილეობისა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის საშუალებას მისცემს.
27 დეკემბერს გამოცხადებული განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ ძალაში დატოვა პრეზიდენტის ბრძანებულება, რომლითაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, თუმცა, ასევე, განაცხადა, რომ იმავე ბრძანებულების ის ნაწილი, რომლითაც ივანიშვილის მეუღლეს შეუწყდა მოქალაქეობა, უკანონოა.
ამჟამად მოსალოდნელია, მხარეებმა სასამართლო გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრონ.მოსამართლისადმი გაგზავნილ მიმართვაში ხვედელიძე აცხადებს, რომ თუ გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ – სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი საკასაციო სასამართლოში გასაჩივრდება, მთელ ამ პროცესს შესაძლოა, წელიწადზე მეტი დასჭირდეს. ამ შემთხვევაში, თუ მთელი ამ ხნის პერიოდში იგი საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩება, მას ჩამოერთმევა კონსტიტუციური უფლება – შექმნას პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მიიღოს ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებში. ამის გამო ხვედელიძე სთხოვს მოსამართლეს, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ გადასცეს აღსასრულებლად, რაც მას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საშუალებას მისცემს.
ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც ხვედელიძის მოქალაქეობას ეხება.
ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფმა განაცხადა, რომ სასამართლომ თავისი 27 დეკემბრის გადაწყვეტილება მხარეებს 10 იანვარს გადასცა და თუ რომელიმე მხარე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გადაწყვეტს ზემდგომ ინსტანციაში, მათ ეს მომდევნო 14 დღის ვადაში უნდა გააკეთონ.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა უკანონო იყო და მოუწოდა პრეზიდენტს, არ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანციაში.
ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ნატურალიზაციის გზით აღიდგინოს საქართველოს მოქალაქეობა. მისი ერთ-ერთი ადვოკატის – ზაქარია ქუცნაშვილის, განცხადებით, ივანიშვილმა შესაბამისი განაცხადით ხელისუფლებას 5 იანვარს მიმართა.
მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, ხელისუფლებამ, მაქსიმუმ, სამი თვის ვადაში უნდა უპასუხოს მოქალაქეობის შესახებ განაცხადს.
საქართველოს მოქალაქეობის გარეშე ივანიშვილს, რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა, უფლება არ აქვს, შექმნას ან დააფინანსოს პოლიტიკური პარტია. თუმცა მისი ადრინდელი განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრეზიდენტი სააკაშვილი უარს იტყვის მისთვის მოქალაქეობის მიცემაზე, ეს ფაქტი ვერ შეაჩერებს მის პოლიტიკურ საქმიანობას.