აქტუალური
2012 წელს ნავთობის ფასი ირანის მოვლენებზე იქნება დამოკიდებული

big-oilთბილისი, 12 იანვარი, საქინფორმი. წელს მსოფლიოში ნავთობის ფასები ირანის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე იქნება დამოკიდებული. ამის შესახებ რადიო „კომერსანტთან“ საუბრისას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, 2011 წლის ბოლოს ნავთობის ფასებმა ევროზონაში არსებული მდგომარეობის გამო მნიშვნელოვნად დაიკლო, თუმცა 2012 წლის დასაწყისიდან ფასები, ძირითადად, იზრდება, რაც ირანის ფაქტორითაა განპირობებული.

მთვრალიშვილის განცხადებით, 20 დღის განმავლობაში ნავთობის ფასი ლონდონისა და ნიუ იორკის ბირჟებზე ბარელზე 8-10 დოლარითაა მომატებული. მისივე განმარტებით, ირანში ვითარების დაძაბვა ნავთობის ფასის მატებას გამოიწვევს.

შეგახსენებთ, ამერიკა და ევროპა ირანის ნავთობზე ემბარგოს დაწესებას გეგმავენ, თეირანი კი ემბარგოს შემთხვევაში ორმუზის სრუტის ჩაკეტვით იმუქრება, რომლითაც მსოფლიო ნავთობის 40% ტრანსპორტირდება.