აქტუალური
პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი განცხადება

electionsთბილისი, 12 იანვარი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურმა საქინფორმს აცნობა, საარჩევნო გარემოს შესახებ შემუშავდა პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი განცხადების პროექტი.

განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ 2011 წელს წარუმატებლად დასრულდა ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილის მოლაპარაკებები საარჩევნო რეფორმის შესახებ. ხელისუფლებამ უარი თქვა, გაეთვალისწინებინა როგორც ოპოზიციური პარტიების შეთავაზებული წინადადებები, ისე საერთაშორისო რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი და, პრაქტიკულად, 2011 წლის დეკემბერში კიდევ უფრო გააუარესა საარჩევნო და მასთან დაკავშირებული კანონმდებლობა.

განსაკუთრებული შეშფოთების საგანია დისკრიმინაციული და არათანასწორუფლებიანი საარჩევნო სისტემა, კიდევ უფრო მონოპოლიზებული – მედია, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში შემოღებული დამატებითი შეზღუდვები, რეპრესიები განსახვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ და სხვ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე,  აღნიშნულ პირობებში 2012 წელს შეუძლებელია საქართველოში თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. 2008 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს იქნება კიდევ ერთი დარტყმა ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარების წინააღმდეგ.

პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოებები მიმართავენ მმართველ პარტიას:

– ხელახლა იქნეს განხილული ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი წინადადებები და მიღებულ იქნეს კომპრომისული გადაწყვეტილებები;

– მსვლელობა მიეცეს 30 000 ამომრჩევლის მიერ პარლამენტში ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ალტერნატიულ ვარიანტს;

ასევე, მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს:

– მიეცეს სათანადო შეფასება ხელისუფლების მიერ ერთპარტიულ რეჟიმში მიღებულ საარჩევნო კანონმდებლობას და დადგინდეს 2012 წლის არჩევნებამდე საარჩევნო რეფორმის კონკრეტული ვადები და პირობები;

საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას კი მიმართავენ, გაერთიანდნენ თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით და ამ დოკუმენტზე ხელისმოწერით დაადასტურონ საკუთარი პოზიცია;

ამავე დროს, ყველა დაინტერესებულმა მხარემ წარმოადგინოს თავისი განსაკუთრებული აზრი და წინადადებები, რომლებიც  აისახება საერთო პოზიციაში.

დაბოლოს, პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოებები იტოვებენ უფლებას, ხელისუფლების მიერ მათი პოზიციის უგულებელყოფის შემთხვევაში მიმართონ დემოკრატიული პროტესტის ნებისმიერ ფორმას.

მედიასაშუალებებისადმი კი მათი განსაკუთრებული თხოვნაა, ადეკვატურად აისახოს ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის დამოკიდებულება საარჩევნო რეფორმის პროცესთან მიმართებაში.