თბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. „ქართული ოცნება“ კონტროლის პალატას პასუხობს. როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „ქართული ოცნება“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოქმედებს, მისი საქმიანობა გამჭვირვალეა და ყველა მისი ნაბიჯი სრულად ექცევა საერთაშორისო სამართლით, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით დაცული გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტიურობის ფარგლებში.
„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ აღნიშნული მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაშია ლეგიტიმური, თუ კონტროლის პალატა დაუყოვნებლივ აცნობებს:
1) კონკრეტულად, ვინ, რომელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელი ნორმატიული აქტის და რომელი ნორმის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნებისათვის“ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ;
2) რომელი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები დაედო საფუძვლად ამგვარ გადაწყვეტილებას;
3) ასეთი ფაქტობრივი გარემოებებიდან, თუ ისინი არსებობს, კონკრეტულად, რომელი მოქმედება ჩაითვალა ისეთ პოლიტიკურ ქმედებად, რომლის გამოც საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე უნდა გავრცელდეს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების კანონმდებლობა.
საზოგადოებრივი მოძრაობა მოითხოვს, რომ კონტროლის პალატამ მიაწოდოს და საზოგადოებას გააცნოს ყველა ის დოკუმენტი და აქტი, რომლებიც 5 იანვარს საზოგადოებრივი მოძრაობისათვის გაგზავნილ წერილს დაედო საფუძვლად და რომლითაც დადასტურდა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს საჯაროდ განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები.