რელიგია
მსოფლიო პატრიარქმა აფხაზი სასულიერო პირები მიიღო

abxaziaთბილისი, 11 იანვარი, საქინფორმი. მსოფლიო პატრიარქის მიწვევით სტამბულში საპატრიარქოში კონსტანტინოპოლის უწმიდესი პატრიარქის ბართლომესა და აფხაზეთის წმიდა მიტროპოლიის საბჭოს წარმომადგენლების დოროფეი დბარის, ანდრეი ამპარის, დავით სარსანიასა და სხვა აფხაზი სასულიერო პირების შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. ისინი ამ შეხვედრას ისტორიულს უწოდებენ იმის გამო, რომ აფხაზი სასულიერო პირები საუკუნეების განმავლობაში პირველად მიიღო ოფიციალურად მსოფლიოს პატრიარქმა.

მათი ინფორმაციით, უწმიდესმა პატრიარქმა ბართლომემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქომ მიიღო აფხაზეთში არსებულ საეკლესიო საკითხთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი.

„წმიდა მიტროპოლიის წარმომადგენლებმა დაწვრილებით უამბეს პატრიარქს აფხაზეთის საეკლესიო საკითხის მთელი პრობლემატიკა. მამა დოროფეი დბარმა აღნიშნა, რომ აფხაზეთის ხალხის საეკლესიო საკითხი შეუძლებელია, გადაწყდეს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ორმხრივი დიალოგის გზით, მომხდარი ომისა და შემდეგ შექმნილი პოლიტიკური ურთიერთობების გამო. მეტიც, ამ საკითხის გადაწყვეტა, ასევე, შეუძლებელია ნებისნიერი ორმხრივი მოლაპარაკებით მსოფლიო საპატრიარქოს ჩარევის გარეშე“, – იუწყება აფხაზური მხარე და აღნიშნავს, რომ პატრიარქმა ბართლომემ ყურადღებით მოუსმინა სტუმრებს და სთხოვა მათ, აფხაზი ხალხისათვის გადაეცათ, რომ დედაეკლესია ყველაფერს შესაძლებელს გააკეთებს იმისათვის, რომ აფხაზეთში არსებული საეკლესიო მდგომარეობა კანონიკურად გადაწყდეს“.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, მსოფლიო პატრიარქმა, ასევე, განაცხადა, რომ აფხაზეთის საერო და სასულიერო შეკრების მიმართვა უახლოეს მომავალში განიხილება მსოფლიო საპარტიარქოს წმიდა სინოდის მიერ.