საზოგადოება
ქართველი მეზღვაურები 3 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

mezgvaurebiთბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. ინტერნეტგამოცემა „somaliareport.com“ მეკობრეთა ტყვეობიდან ქართველი და თურქი მეზღვაურების გათავისუფლების დეტალებზე წერს. გამოცემა ერთ-ერთ მეკობრეზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეკიპაჟი 3 მილიონი დოლარის სანაცვლოდ 8 იანვარს ფულის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს.

„ჩემი მეგობრების ჯგუფი ტანკერიდან დღეს დილით ადრე მას შემდეგ დაბრუნდა, როცა გამოსასყიდის სახით 3 მილიონი დოლარი მიიღეს. ამ ფულს ისინი გუშინდელი დღიდან ელოდებოდნენ“, – განუცხადა somaliareport.com-ს ერთ-ერთმა მეკობრემ ჰარარდერეში (ქალაქი სომალიში).

somaliareport.com-ის წყაროს თქმით, ისინი, ძირითადად, მუჰამედ ისას კლანს მიეკუთვნებიან (მაჯეერტენის შემადგენლობაში მყოფი ქვეკლანი) და გამოსასყიდის მიღებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ასეთ საქმეებში ცნობილი მეკობრე ლუუაანი აწარმოებდა.

შეგახსენებთ, რომ 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური მეკობრეთა ტყვეობაში 2010 წლის 8 სექტემბრიდან იყვნენ. მათი გათავისუფლება მხოლოდ 8 იანვარს მოხერხდა.

მოლაპარაკებებში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი მონაწილეობდა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მეზღვაურთა გასათავისუფლებლად გამოსასყიდის გადახდის ფაქტს არ ადასტურებს.