პოლიტიკა
ცვლილება პრეზიდენტის ბრძანებულებაში ივანიშვილის წინააღმდეგ

brzanebaaთბილისი, 9 იანვარი, საქინფორმი. უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად სპეციალური დასკვნის მომზადება დროში შეზღუდული აღარ იქნება. შესაბამისი ცვლილება „უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებაში შევიდა.

აღნიშნულ ცვლილებამდე სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ვალდებული იყო, მთელი რიგი წესების დაცვით, უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობისა და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხის გადაწყვეტიდან დასკვნა პრეზიდენტისთვის წარსადგენად ერთ კვირაში მოემზადებინა. ბრძანებულებაში შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, სააგენტო ვალდებული აღარ იქნება, დასკვნა კონკრეტულად ერთ კვირაში წარადგინოს.

რაც შეეხება უწყების მიერ დასკვნის მომზადებისას გასათვალისწინებელ გარემოებებს, ისინი უცვლელი რჩება. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობას ადგენს და გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისია. საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პირობების არსებობას კომისიის წევრები ადგენენ საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, შინაგანი რწმენის საფუძველზე.

ამასთან, კომისია უფლებამოსილია, ცალკეული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, იმსჯელოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხზე, რა დროსაც იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესებით იხელმძღვანელებს.

რაც შეეხება კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს, ამ პუნქტით ხდება დადგენა, რომ საქართველოს მოქალაქე ამავე დროს არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, გარდა დადგენილი გამონაკლისი შემთხვევისა. გამონაკლისი შემთხვევით კი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.