აქტუალური
„ქართუ ჯგუფი“ დიპკორპუსსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდება

qarTuთბილისი, 6 იანვარი, საქინფორმი. „ქართუ ჯგუფის“ წარმომადგენელ ვლადიმერ ხუნდაძის ინფორმაციით, შეხვედრის თემა „ქართუ ჯგუფის“ ტვირთებისთვის საბაჟოზე შექმნილი პრობლემებია. მისი თქმით, ოქტომბრიდან მოყოლებული, მათ საკუთრებაში არსებული ყველა ტვირთი ე.წ. წითელ დერეფანში ხვდება.

„თუკი აქამდე „ქართუ ჯგუფის“ ტვირთების დათვალიერების აუცილებლობა მხოლოდ 5-10%-ის შემთხვევაში იქმნებოდა, ახლა ტვირთების 100%-ს აჩერებენ და დეტალურ შემოწმებას უტარებენ. 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ჩვენი ყველა ტვირთი ე.წ. წითელ დერეფანში ხვდება“, – აღნიშნა ვლადიმერ ხუნდაძემ.

მისივე განმარტებით, ხშირ შემთხვევაში საბაჟოზე ტვირთებს მიზანმიმართულად აზიანებენ, რასაც ექსპერტიზის დასკვნებიც ადასტურებს. „დიპლომატებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს სწორედ ამ პრობლემების შესახებ მივაწვდით ინფორმაციას; გადავცემთ ვიდეომასალას, რომელიც ადასტურებს, რომ საბაჟო ტერმინალებიდან გამოტანილი ჩვენი ტვირთები არამუშა მდგომარეობაშია“, – განაცხადა ხუნდაძემ.