პოლიტიკა
სააკაშვილი: „ძველ წყობაში არასოდეს დავბრუნდებით“

misha-marneuliiთბილისი, 6 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ სააკაშვილმა გუშინ მარნეულში ახალი საავადმყოფოს გახსნის შემდეგ ადგილობრივების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„აქ არა მარტო საავადმყოფოს ვათვალიერებ, არამედ მთავარ მოედანზე სუპერმარკეტს, პოლიციის შენობას ვხსნი. აქ იუსტიციის ულამაზესი სახლი შენდება. ამასწინათ სპორტდარბაზი და სპორტული ცენტრი გავხსენით. ჩემს ბავშვობაში ამბობდნენ, რომ მარნეული სადღაც შორს იყო, საცოდავი, მესამეხარისხოვანი, დღეს კი მარნეული ულამაზესი ქალაქი ხდება. ეს არის, რაც „ვარდების რევოლუციამ“, ჩვენმა ერთობლივმა შრომამ და იმან მოიტანა, რომ საქართველოში მეორეხარისხოვანი ხალხი, ადგილები, ეთნიკური ჯგუფი, აღმსარებლობის წარმომადგენელი არ არსებობს. აქ ყველა თანასწორია. ჩვენ ჩვენს ქვეყანას ვქმნით და ჩვენს ბავშვებს საუკეთესო პირობებში გავზრდით. ჯერ კიდევ უჭირს ქვეყანას, სკოლები, საავადმყოფოები საუკეთესო უნდა იყოს. გზები ყველგან ძალიან მაგარი უნდა მივიდეს, უნდა იყოს იმაზე მაგარი, ვიდრე ჰოლანდიაშია, ამერიკაშია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ და ვინც არ უნდა ილაპარაკოს, ჩვენ ძველ წყობაში არასდროს დავბრუნდებით. მასში კარგი არაფერი იყო. ძველი წყობა ასოცირებული იყო სიღარიბესთან, უთანასწორობასთან, გამოძალვასთან, მოსყიდვასთან და ა.შ. ასეთ საავადმყოფოებში მხოლოდ მილიარდერები და მილიონერები მკურნალობდნენ. ჩვენ მილიონერები არ ვართ, მაგრამ ღირსება გაქვს, საუკეთესო ჯანდაცვა, განათლება და უკეთესი ცხოვრება გვჭირდება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, „ჩვენს ქვეყანას დიდი ავტორიტეტი აქვს, რაც იმან განაპირობა, რომ მთავრობა მხოლოდ ხალხზე ფიქრობს, ხალხს ემსახურება, კორუფცია მოსპო და ყველა, ვინც საჯარო სამსახურშია, იმაზე ფიქრობს, აბა, დღეს მე ჩემს ხალხს რა გავუკეთე, რა გავუკეთე თბილისელებს, ბოლნისელებს, მარნეულელებს, ჩხოროწყუელებს და ყველა დანარჩენს...“

„ამას ვერავინ წაგვართმევს და უკან ვერ მიგვატრიალებს, იმიტომ, რომ წარსულისკენ ჩვენი მიტრიალება რომც უნდოდეთ, ქართველი საზოგადოება ცხენი არ არის, ლაგამი ამოსდო და თავი საითაც გინდა, მიატრიალებინო. თუ ვინმე ამას მოინდომებს, ცხენი მხედარს ჩამოაგდებს. ჩვენ ღირსებით აღსავსე საზოგადოება ვართ, რომელიც წინ მიდის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.