აქტუალური
ხიდაშელი: „პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური სადამსჯელო უწყებაა“

xidaSeliთბილისი, 5 იანვარი,საქინფორმი. როგორც ცნობილია, კონტროლის პალატაში პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახური შეიქმნა, რომელსაც ნათია მოგელაძე უხელმძღვანელებს. ის კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა გუშინ წარადგინა. მოგელაძე პროფესიით იურისტია და კონტროლის პალატაში გადასვლამდე მთავარ პროკურატურაში პროკურორად მუშაობდა.

ამ ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკურ წრეებში. „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი კონტროლის პალატაში შექმნილ პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს სადამსჯელო უწყებას ადარებს.

ხიდაშელს აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელად მთავარი პროკურატურის კადრის დანიშვნა არ უკვირს. „ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, გამიკვირდებოდა. ეს ქვეყანა პოლიციურ სახელმწიფოდ იქცა, ამიტომ ერთადერთი სანდო კადრი, რომელიც მათ ჰყავთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ან პროკურატურის თანამშრომლები არიან. გასაგებია, როცა პოლიტიკური პარტიების სადამსჯელო უწყებას ქმნიან, მას ძალოვანი უნდა ჩაუყენონ სათავეში“, – აცხადებს ხიდაშელი.

ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენელი ფინანსურ მონიტორინგში პრობლემას ვერ ხედავს, რადგან, მისივე განმარტებით, მის პარტიას დასამალი არაფერი აქვს. „მთავარია, საქმიანობაში ხელი არ შეგვიშალონ. კანონში არის ძალიან სახიფათო დებულება, რომელიც ამბობს, რომ გაუგებარი ეჭვების საფუძველზე პარტიის ანგარიშებს შესაძლოა, ინკასო დაადონ. მთავარია, ეს მექანიზმები უხეშად არ იყოს გამოყენებული“, – აღნიშნავს ხიდაშელი.