რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იუბილარია

ilia-meore-iubilariთბილისი, 4 იანვარი, საქინფორმი. დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს დაბადების დღეა . მას 79 წელი უსრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი საქართველოს მაშინდელი კათალიკოს-პატრიარქ მელქისედეკ მესამეს ლოცვა-კურთხევით თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით.

1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათალიკოს-პატრიარქ ეფრემ მეორეს მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათალიკოს-პატრიარქ დავით მეხუთეს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა კათოლიკოსი ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორეს ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. პატრიარქს სახელი ილია II მიეკუთვნა. ილია I საქართველოს ეკლესიას 1600 წლის წინ, 390-400 წწ. მართავდა.

ბოლო 34 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერი შეიქმნა. მოხდა ახალი წმინდანებისა კანონიზირება. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია – ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარი.

ამასთან, როგორც საქინფორმი უკვე იტყობინებოდა, გრიბოედოვის სახელობის თეატრში ფონდ „იავნანას“ ორგანიზებითა და „თი ბი სი ბანკის“ მხარდაჭერით, პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. პირველად ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში საკონცერტო შესრულებით ჯუზეპე ვერდის ოპერა „ბედის ძალა“ იქნება წარმოდგენილი. საქველმოქმედო საღამოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრება. დასასრულ, ბინის გასაღები დიასამიძეების 8-შვილიან ოჯახს გადაეცემა.

საქინფორმი 79 წლის იუბილეს ულოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმიდესსა და უნეტარეს ილია მეორეს და დღეგრძელობას უსურვებს საქართველოს საკეთილდღეოდ.