საზოგადოება
გივი ბერიკაშვილი: „კაცი ამდენი წელია, გვეხმარება და – ვირო, მადლიო?!“

1givi-berikashviliთბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. როგორც გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბრისას მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა განაცხადა, „თუ ბიძინას თეატრების დაფინანსება აუკრძალეს, მომავალი წლიდან „ქართუ“ აღარ ჩაურიცხავს ხელოვანებს იმ თანხას, რითაც მსახიობები ფინანსდებოდნენ“.

„ბევრი მსახიობი ამ ფულით ცხოვრობს. რატომ უნდა ვთქვა უარი, გიჟი ვარ? კაცი ამდენი წელიწადია, გვეხმარება და კახურად მინდა, ვუთხრა მათ, ვისაც მეცენატის უანგარობაში ეჭვი შეეპარა – ვირო, მადლიო?! ღალატი იყო, ამ კაცმა 10 წელი რომ გვაცხოვრა?! კაცი ვარ მე და ნამუსი მაქვს, ხომ არ ვიტყვი, იმის  შუბა დავხიე, პრეზიდენტობა ნდომებია-მეთქი... ამდენი წელიწადი ჩემი ოჯახი მაგის შემყურე იყო, მისგან გვქონდა სარჩო-საბადებელი. ნამუსი ხომ მაქვს? სიკეთის სანაცვლოდ როგორ შეიძლება კაცს ცუდად მოვექცე? რასაც გეუბნებით, მარტო ჩემი აზრი არ არის. ყველა ასე ფიქრობს. ზოგიერთმა მილიონიც რომ მომცეს, მაინც არ დაველაპარაკები“, – აცხადებს ბერიკაშვილი.

ამასთან, მსახიობს არ სჯერა, რომ ხელისუფლება მსახიობებისთვის დაფინანსების გაზრდას აპირებს. „არაფერი გეტკინოს მანამდე. ახლა გავიგე, თეატრში თითო კაცს 20 ლარი ემატებაო. სულ ეს არის. პოლიტიკაში ბიძინა რას გააკეთებს, არ ვიცით, მაგრამ რა კაცია და როგორ უყვარს ქვეყანა და ხალხი, მისი საქციელი ამტკიცებს. ნელ-ნელა ვიგებ, თურმე რაები გაუკეთებია და ჩვენ არ ვიცოდით. მარტო 45 ეკლესია აუშენებია, სხვას აღარ ჩამოვთვლი... ვნახოთ, რას იზამენ და თუ ფეხებზე დაგვიკიდებენ, ფეხები ჩვენცა გვაქვს. ჩვენც დავიკიდებთ. ვისაც თავისი ქვეყანა, ჯიში და ჯილაგი არ უყვარს და სხვა რაღაცისთვის აკეთებს რამეს, იმას არ ეღირსოს არაფერი.  მინდა, ჩემს ხალხს ახალი წელი მივულოცო. ჯანმრთელი იყავით სულით და ხორცით. ყველას გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. გკოცნით და გეფერებით. სანამ პირში სული მიდგას, თქვენს სამსახურში მიგულეთ“, – დასძენს ბერიკაშვილი ინტერვიუში.