საზოგადოება
მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე „იმედის“ ერთ-ერთი მფლობელია

1ninochxeidzelalebilalebiთბილისი, 30 დეკემბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „იმედს“ ახალი მფლობელები ჰყავს. გუშინ „იმედმა“ საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია გამოაქვეყნა, სადაც ტელეკომპანიის ერთპიროვნულ მფლობელად მითითებულია კომპანია „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“. თავის მხრივ, აღნიშნული კომპანიის წილები ასე ნაწილდება: გიორგი არველაძე – 45%, გიორგი კორახაშვილი – 30%, გიორგი მიქელაძე – 15% და ჯოზეფ ქეი – 10%.

როგორც „Media.ge“ იუწყება, 22 ნოემბრამდე „ჯორჯიან მედია პროდაქშენ ჯგუფის“ 10 პროცენტი ჯოზეფ ქეის ეკუთვნოდა, 90 პროცენტს პანამაში რეგისტრირებული „რააქ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, მისი წარმომადგენელი კი გიორგი არველაძე იყო.

ოფშორული კომპანიის წილი ჯერ გიორგი არველაძემ გადაიფორმა, შემდეგ კი გიორგი მიქელაძესა და გიორგი კორახაშვილს მიჰყიდა. მათ შორის დადებულ ხელშეკრულებაში თანხა მითითებული არ არის. კომპანიის საწესდებო კაპიტალი 6 მილიონ სამასი ათასი ლარია.

„Media.ge“-ს ინფორმაციით, „იმედის“ ფაქტობრივი მფლობელებიდან საზოგადოებისთვის უცნობი მხოლოდ ორი მათგანია – გიორგი კორახაშვილი და გიორგი მიქელაძე.

მფლობელი 1 გიორგი კორახაშვილი

გიორგი კორახაშვილი კომპიუტერული კომპანია „ალგორითმის“ პრეზიდენტია, მისი მამა გივი კორახაშვილი კი – ერთპიროვნული მფლობელი. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „ალგორითმმა“ მმართველ პარტიას – „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, 50 ათასი ლარი „შესწირა“.

ხელისუფლების პროექტში – „კომპიუტერი ყველასათვის“ – მხოლოდ ორი კომპანია მონაწილეობდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო „ალგორითმი“.

2011 წელს კორახაშვილების კომპანია „ალგორითმის“ მიერ აშენებულ ქარხანაში დამზადდა პირველკლასელთათვის განკუთვნილი 60 ათასი ნეტბუქი. აწყობის პროცესს პირადად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

გიორგი კორახაშვილს ეკუთვნის შპს „ავტოგაზი პირველის“ 40 პროცენტი. ის სააქციო საზოგადოება „ავტოგაზის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ავტომობილების გაზით გასამართ საკომპრესოროებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, თელავში, მარნეულში, ხაშურში, წეროვანში, ზესტაფონში, სამტრედიაში) ფლობს. მისი საკუთრებაა მოძრავი გაზგასამართი სადგურებიც.

„ავტოგაზ პირველის“ დანარჩენ 60 პროცენტს შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ ფლობს, მისი დირექტორი ნათია თურნავაა, რომელიც ეკონომიკურის განვითარების ყოფილი მინისტრის – კახა ბენდუქიძის პირველი მოადგილე იყო. მესაკუთრე კი „ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია“, რომელიც ტელეკომპანია „პირველი სტერეოს“ 65 პროცენტს ფლობს. ჰოლდინგი 2011 წლის დეკემბრამდე ირიბად ფლობდა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და „მზეს“.

გიორგი კორახაშვილი საქართველოს ტაიკვონდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტიცაა. ის მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლეა.

მფლობელი 2 გიორგი მიქელაძე

„იმედის“ 15 პროცენტის მფლობელი გიორგი მიქელაძეც ბიზნესმენია. მისი კუთვნილი „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი“ ერთპიროვნულად ფლობს შპს „ბი ენდ ბი პროვიჟენსის“, რომელსაც 2010 წლის პირველ აპრილს თბილისის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ შპს „სასათბურე მეურნეობის“ 100%-იანი წილი მართვის უფლებით 35 წლის ვადით გადაეცა. „სასათბურე მეურნეობის“ მფლობელი თბილისის მერიაა. თავის მხრივ, „ბი ენდ ბი პროვიჟენსი“ ნიდერლანდურ კომპანია „ფაჩიანთან“ ერთად „ვანის სათბურებს“ ფლობს.

გიორგი მიქელაძეს კიდევ ერთი კომპანიის – შპს „გრატო პასაჟის“ – 80 პროცენტი  ეკუთვნის. თბილისის მერიის ვებგვერდის ცნობით, „გრატო პასაჟი“ მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრი უნდა ყოფილიყო თბილისის ცენტრალურ უბანში. პროექტი „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალს“ უნდა განეხორციელებინა.

როგორც „გრატო პასაჟის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, შპს „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალი“ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში მოღვაწეობს. მისი ძირითადი საქმიანობის სფერო ფინანსები, მშენებლობა და უძრავი ქონების მართვაა. „ბენეტ ენდ ბენეტ კაპიტალმა“ 2011 წლის დასაწყისიდან საქართველოში ჰოლანდიური ყვავილების მოყვანა გადაწყვიტა. კომპანია პროექტს ჰოლანდიის მთავრობასთან ერთად ახორციელებდა.

შესაბამისობის დეკლარაციის გამოქვეყნების ვალდებულება მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე კომპანიებს 2011 წლის აპრილში „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში მიღებული ცვლილებების შემდეგ აქვთ. კანონის ახალი რედაქციით, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს მაუწყებლის ფლობა როგორც პირდაპირ, ისე ირიბად აეკრძალათ და მფლობელთა შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალათ.

როგორც გუშინ საქინფორმი იტყობინებოდა, დეკლარაცია უკვე გამოაქვეყნა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა.