პუბლიკაციები
გვანცა გეწაძე: „საქართველოს შემდეგ ყველაზე ტკბილი - რუსეთია!“

12gvanca-meoreლაშა სალუქვაძემ და გვანცა გეწაძემ ერთმანეთი შვიდი წლის წინათ გაიცნეს. ცნობილმა და პერსპექტიულმა სასიძომ სიმამრს გვანცას ხელი ზესტაფონში სთხოვა და წყვილი ყაზანში გადავიდა საცხოვრებლად.

როგორი მამაა ლაშა სალუქვაძე და ვინ ეხმარებოდა ყაზანში მის მეუღლეს, როდესაც ფეხბურთელს გასვლითი თამაშები ჰქონდა? საქინფორმთან ინტერვიუში გვანცა გეწაძე რუსეთში გატარებულ პერიოდს იხსენებს.

გვანცა გეწაძე: „ლაშა მაშინ „დინამოში“ თამაშობდა, მაგრამ მალე წავიდა ყაზანში, იქიდანაც მეკონტაქტებოდა. „დინამოში“ ყოფნის პერიოდში ვმეგობრობდით, სულ ერთად ვიყავით. ერთ წელიწადზე მეტხანს ტელეფონით ვურთიერთობდით. ყაზანში ერთი სეზონი გაატარა. ნაკრებში ჩამოსვლისას ვხვდებოდით ერთმანეთს, რაც ძალიან ტკბილად და თბილად მახსენდება. შვებულებით ერთ-ერთი ჩამოსვლის შემდეგ მამაჩემთანაც იყო ზესტაფონში და სწორედ ამის მერე ვიყავით ერთად. თუმცა რუსეთში ცოტა მოგვიანებით წავედი. უკვე ყაზანში გადასვლიდან რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ეს ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა არ იყო“.

თქვენი გარეგნობიდან გამომდინარე, ალბათ, სამოდელო კარიერას ეწეოდი...

– დავდიოდი „ნატალიში“, მაკა ასათიანის ჩვენებაზეც გამოვდიოდი. იყო კიდევ რამდენიმე დიზაინერი, ინგოროყვა და შუკვანი... თუმცა ეს იყო მხოლოდ გატაცება. მალევე მივანებე თავი.

გაგიჭირდათ ოჯახის დატოვება, მეგობრების... როგორ მიგიღეს რუსეთში? 

– მესამე კურსზე ვიყავი, ცივ რუსეთში რომ წავედი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე თბილია იქაურობა, საქართველოს შემდეგ. იქ დავიწყე ოჯახური ცხოვრება, ამიტომ ყველაზე ლამაზად მახსენდება. არ  ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ იქ ქართველობის გამო ჩვენთვის ან ჩვენი მეგობრებისთვის რაიმე პრობლემა შექმნილიყო. გამიძნელდა ჩემიანებთან განშორება, ძალიან გამიჭირდა დედაჩემის გარეშე, მაგრამ სულ ცოტა ხანში ყველაფერი მოგვარდა. პირველ ეტაპზე მხოლოდ ის მახსენდება ცუდად, რომ ლაშა სულ წასული იყო და მე მარტოს მიწევდა სახლში ლოდინი.

რუსეთში ორი კვირა გასვლითი თამაშებია, ორი კვირა საშინაო. ასეთ რეჟიმს როგორ უძლებდი, ვინმე გეხმარებოდა?

– სწორედ ეგ გამიჭირდა განსაკუთრებით. თანაც, არცერთს ცოლი არ ჰყოლია იქ, სულ მარტო ვიყავი. ერთადერთი,  ზურა არზიანი იყო, რომელიც მაშინ დუბლებში თამაშობდა, ხშირად მოდიოდა ჩვენთან, მამხნევებდა და ყველგან დამყვებოდა, ფეხმძიმობის დროსაც კი. ბავშვის ნათლიაც სწორედ ზურაა. თავიდან რუსული ენაც არ ვიცოდი. თუმცა ეს დრო იმდენად კარგად მახსენდება, იმდენად მიყვარს იქაური ყველა და ყველაფერი, რომ გასვლით თამაშებზე წუწუნი გამომდის.

თქვენი ურთიერთობა ყაზანში გადასვლიდან რამდენ ხანში გახდა ოფიციალური და როგორ აღნიშნე?

– მალე შვილი შეგვეძინა – საბა. ბავშვის დაბადებამდე ორი კვირით ადრე ჩამოვედი საქართველოში. სამი თვის რომ შესრულდა საბა (თან ნაკრების თამაშიც იყო, წინა დღეს მოიგეს კიდევაც... მეორე დღეს ყველანაირად მოვემზადე და ლაშას აბსოლუტურად გამზადებული დავახვედრე ყველაფერი), აღვნიშნეთ, ხელი მოვაწერეთ და ჯვარი დავიწერეთ. ახლობლებთან ერთად ტოპმიოლერიც და ფედერაციის მაშინდელი თავმჯდომარე და წევრები იმყოფებოდნენ. სწორედ ისეთი ჯვრისწერა მქონდა, როგორზეც ბავშვობაში ვოცნებობდი; მინდოდა, ჩემი შვილიც ყოფილიყო და ესეც ამისრულდა. სამი თვის საბა ულამაზეს ჩოხაში იყო გამოწყობილი, წინა დღით მოგებული თამაში ჩვენს განწყობას აორმაგებდა.

საბა მამა არ ენატრება?

– საბა ახლა ხუთი წლისაა და ძალიან უყვარს მამა, მისი საოცარი პატივისცემა და ხათრი აქვს. შეიძლება იმიტომაც, რომ ხშირად ვერ ხედავენ ერთმანეთს. მე ბავშვები სულ თან დამყავს, ახლაც ორი კვირაა, რაც რუსეთიდან ჩამოვედით.

საქართველოში ხშირად ჩამოდიხართ?

– როცა ლაშას შესვენება აქვს, სულ აქ ვართ, მარტამდე. ზაფხულშიც აქ ვართ. ხანდახან ვტოვებ ხოლმე ბავშვებს და მე მივდივარ, მაგრამ ახლა ჩამოვედით, რადგან საბა ბაღში მივიყვანე. იქ სეზონი უკვე დამთავრდა. თეკლა დიდხანს მყავდა აქეთ. ახლა წლისა და ექვსი თვისაა. ლაშა არაჩვეულებრივი მამაა, როცა დრო აქვს, ფეხით ასეირნებს, ძირითადად, კუს ტბაზე ავდივართ. მკაცრი ნამდვილად არ არის, იმდენად ცოტა დროს ატარებს ბავშვებთან, რომ ვეღარ იჩენს სიმკაცრეს. მკაცრი მე ვარ (იცინის) . საბა ცელქი კია, მაგრამ კარგი ბავშვია. „ვოლგაში“ ნამდვილად არის პრობლემები, ხელფასის მხრივაც და გუნდშიც ბიჭებს პრობლემები აქვთ, თუმცა ჩამოსვლის მიზეზი ეს არ ყოფილა. იმედია, ლაშას მდგომარეობა მალე გამოსწორდება. რაც მთავარია, თვითონ კარგად გრძნობს თავს , შემართებითაა ოპერაციის შემდეგ და მჯერა, უკეთეს ფორმაში იქნება.

ით გამოიხატება თქვენი სიმკაცრე და საბა როგორ შეხვდა დის დაბადებას?

– არ მიყვარს, როცა დედები ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევენ – სურვილებს უსრულებენ, ყიდულობენ, რაც მათ სურთ და ბავშვის ხასიათზე ჰყვებიან. საბა ჩვენს ნებისმიერ სიტუაციას კარგად იგებს. ველაპარაკებით, როგორც დიდ კაცს, მართალია. მასაც აქვს ახირებები, რაც, იმედია, გამოსწორდება. თეკლა ძალიან უყვარს, ფეხმძიმობისას  მუცელზე მეფერებოდა. თანაც, მისი ასეთი სიყვარული იქიდანაც მოდს, რომ თეკლამ საბას მუცლიდან მისი საოცნებო როლიკები მოუტანა (იცინის). საბას სამშობიაროშივე გადავეცით ეს როლიკები და იმის შემდეგ გიჟდება, ყველაფერს ათხოვებს ხოლმე თეკლას და უნდა, რომ რაღაცები უყიდოს კიდეც. საბა ძალიან თბილია. უზომოდ მიყვარს ჩემი ქმარ-შვილი, ამათზე ძვირფასი არავინ მყავს.

თეკლაც აქ დაიბადა?

– კი, თეკლაც აქ დაიბადა. ფეხმძიმობას ვგეგმავ, თანაც ლაშას დასვენების პერიოდში ოდნავ წამოზრდილ შვილებს ვახვედრებ, ვცდილობ, მალევე ჩავდგე ფორმაში (იცინის).

თქვენ და ფეხბურთი...

– ბავშვობიდან მიყვარდა ფეხბურთი. ყოველთვის ვუყურებდი კარგ თამაშებს, მსოფლიო ჩემპიონატებს. სხვათაშორის, ლაშას გაცნობის წინა დღეს სტადიონზე ვიყავი სამეგობროსთან ერთად, „დინამოს“ თამაშს ვუყურებდით, მაგრამ მაშინ ლაშას არ ვიცნობდი.

ასეთ რეჟიმსაც შევეჩვიე, ამას საოცრად დადებითი შედეგი აქვს ჩვენს ურთიერთობასა და სიყვარულზე. მუდამ სიურპრიზი და ბედნიერი წუთები ახლავს.  სხვანაირად ვეღარც წარმომიდგენია. თბილისში მარტო ვარ, ძირითადად, და ლაშაც ვარ და გვანცაც, მაგრამ ჩემთვის ეს ყველაზე სასიამოვნო პროცესია. როდესაც ლაშას თამაშებს ვუყურებ, ვნერვიულობ, ნაკრებში როდესაც თამაშობს – ორმაგად განვიცდი.

გარეგნობით ბევრს ხიბლავთ. რუსეთშიც აღმოჩნდი რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე...

– კი, იყო ასეთი შემთხვევებიც, ყაზანში დაინტერესდნენ იქაური ჟურნალები, მაგრამ განსაკუთრებული – არაფერი. ეს იყო, უბრალოდ, ძალიან ლამაზი პერიოდი. კონკრეტულად, ერთი თემა იყო, როდესაც რუსეთის ჩემპიონი გახდა „რუბინი“ ფეხბურთსა და ჰოკეიში, ხოლო „ბარსელონამ“ ქვეყნის ჩემპიონატი მოიგო. მაშინ მოთამაშეთა მეუღლეები შეგვაჯიბრეს ერთმანეთს – სასიამოვნო გადაღება გვქონდა. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა. ინტერესი არა მხოლოდ ჩემ მიმართ გამოხატეს – იქაურ ჟურნალებში მოხვდა ინგას( დავით კვირკველიას მეუღლე), თიკო ჩხეიძის (ნუკრი რევიშვილის მეუღლე) ფოტოები. ჩვენი სამეულის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი იყო, ამიტომაც მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ქართველობის გამო დაჩაგრული კი არა, პირიქით, სულ ყურადღების ცენტრში ვიყავით. ვმეგობრობდით გუნდელების ცოლები. ქართველების ქართული ცეკვა იქ დღესასწაულად მიაჩნდათ.

მესამე შვილსაც ხომ არ გეგმავთ?

– მესამის გაჩენის დიდი სურვილი მაქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ილია მეორემ მოგვინათლოს. ვნახოთ...

ამბობენ, ლაშადინამოშიბრუნდებაო. რამდენად გახარებ ეს ამბავი?

– ლაშასთან მართლაც არის ამ თემაზე საუბარი. მე მომეწონება ის, რასაც ლაშა გადაწყვეტს, თუმცა ჩვენ ჯერ კონტრაქტი გვაქვს ნიჟნიში და ვერაფერს ვიტყვი.

 

ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი

საქინფორმი