სამართალი
ივანიშვილი მერიას როსტომ მეფის სასახლის გამო სასამართლოში უჩივის

axali-kapital-1თბილისი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანია „ახალი კაპიტალი“ თბილისი მერიას და ზედამხედველობის სამსახურს უჩივის. ამის შესახებ  ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, საქმე ეხება როსტომ მეფის სასახლეს. ბესელიას თქმით, ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს, რითაც გაასაჩივრეს ზედამხედველობის სამსახურის ბრძანება როსტომ მეფის სასახლის ექსპლუატაციაში მიუღებლობის შესახებ.

„სარჩელი შეგვაქვს თბილისის მერიისა და ზედამხედველობის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. ამ სარჩელით ვასაჩივრებთ ზედამხედველობის სამსახურისა და თბილისის მერიის გადაწყვეტილებებს როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერების თაობაზე“, – განაცხადა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ამავე კვირაში „ახალი კაპიტალის“ ადვოკატები გეგმავენ, სარჩელი შეიტანონ სასამართლოში როსტომ მეფის სასახლეში უკანონოდ შეჭრილ პირთა გამოსახლების მოთხოვნით.

 

„ასევე შევიტანთ საჩივარს პოლიციის უმოქმედობის თაობაზე უკანონოდ შეჭრილ პირთა მიმართ აშკარა ხელშეწყობის მიზნით“, – აღნიშნა ბესელიამ.

მისივე თქმით, როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებით, ერთი მხრივ, ქალაქ თბილისის მერიისა და მისი სამსახურების დესტრუქციული ქმედებანი, მეორე მხრივ კი, პოლიციის ორგანოთა უმოქმედობა, იძლევა ეჭვის გამოთქმის საფუძველს, რომ როსტომ მეფის სასახლის ირგვლივ შექმნილი პრობლემები სახელმწიფო ორგანოთა მიერ ხელოვნურად არის მოწყობილი.

„ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს როსტომ მეფის სასახლით სარგებლობის უფლება და შეწყვიტოს ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნის მიზნით საკუთრების ხელყოფა“, – აღნიშნა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი წარმოებაში უკვე მიიღო.