აქტუალური
„თავისუფალი საქართველო“ აპროტესტებს

protestiთბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია ყურადღებას აპყრობს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების თვითმმართველად და დამოუკიდებლად ფუნქციონირების შემზღუდავ დოკუმენტს, რომელიც ახლო მომავალში საერთოდ ჩაკლავს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მრავალპარტიულ პოლიტიკურ ცხოვრებას საქართველოში.

როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 27 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის „ნაცმოძრაობის“ უმრავლესობა მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილავს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებს.

„თავისუფალი საქართველოს“ აზრით, პროექტით განსაზღვრულ 26-ე პრიმა მუხლში აღნიშნული ცვლილებები გამოდის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შექმნის, ფინანსირებისა და ფუნქციონირების შეზღუდვის რეგლამენტაციის არეალის საზღვრებიდან და იჭრება პიროვნების მიერ აზრის თავისუფლად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლად გავრცელების უპირობოდ აღიარებული, ადამიანის ხელშეუვალი უფლებებისა და თავისუფლებების მოქმედების არეალში და უხეშად არღვევს მას.

კერძოდ, პროექტის 26-ე პრიმა მუხლით პოლიტიკური პარტიისათვის დადგენილი შეზღუდვები, ასევე, ვრცელდება:

ა) იურიდიულ პირზე, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პოლიტიკური პარტიის კონტროლქვეშ ან გააჩნია განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები;

ბ) იურიდიულ პირზე, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერის ან მხარდაჭერის თავის შეკავების თაობაზე;

გ) პირი, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ასევე, მისი ოჯახის წევრები, აგრეთვე, მასთან საქმიანობაში მყოფი პირი.

2. იურიდიული პირი პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიასთან, როცა მისი ხარჯები პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობასთან და მიზნებთან“.

საქართველოს კონსტიტუციის მუხლებით (მუხლი 19, მუხლი 24 და მუხლი 45) აკრძალულია ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების შეზღუდვა, ასევე, დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის  გამო და იძულება – გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ, აგრეთვე, ყოველ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია, გამოთქვას და გაავრცელოს თავისი აზრი ზეპირად, წერილობით ან სხვაგვარი საშუალებებით (კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება იურიდიულ პირებზეც).

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული კანონპროექტის 26-ე პრიმა მუხლის ა), ბ), გ) ქვეპუნქტები და მე-2 პუქტით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციის მე-19, 24-ე და 45-ე მუხლები, რომლებითაც განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა ფუნდამენტალური უფლებები და თავისუფლებები სიტყვის, აზრის, რწმენის თავისუფლად გამოხატვისა და გავრცელების თაობაზე და რომელთა შეზღუდვაც საქართველოს კონსტიტუციით დაუშვებელია (მუხლი 19. პუნქტი 3) და, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლი, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.

„ჩვენ ვგმობთ სააკაშვილის ყოვლად აღვირახსნილ ქმედებებს სხვა პოლიტიკური პარტიების დისკრიმინაციის საქმეში და ვურჩევთ პარლამენტს, არ მიიღოს აღნიშნული ცვლილებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მივმართავთ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს, ასევე, ევროსაბჭოს შესაბამის სტრუქტურებსა და ევროსასამართლოს, სააკაშვილის ერთპარტიული ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების  უხეშად და ხელაღებით დარღვევების გამო“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტიის თავმჯდომარე კახა კუკავა და გენერალური მდივანი ალექსანდრე შალამბერიძე.