რელიგია
ხატი „საქართველოს იმედი“ ლოცვითი მსვლელობით საპატრიარქოდან სამების ტაძარში გადააბრძანეს

saqartvelos-imedis-xatiთბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. საპატრიარქოდან ლოცვითი მსვლელობით ახლად შექმნილი ხატი „საქართველოს იმედი“ გამოაბრძანეს. მსვლელობაში მონაწილეობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემაც მიიღო.

სიონის საკათედრო ტაძარში გადაიხადეს მცირე პარაკლისი, რის შემდეგაც ხატი მსვლელობით გადაბრძანდა ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში, სადაც მას კათოლიკოს-პატრიარქი დახვდა.

ხატი კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა „საქართველოს დიდება“.

ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა –  ყოვლადწმიდა სამება, ხატზე წმიდა სიდონია დაჩოქილი კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩატანებულია წმინდა ნაწილები.

ხატი მომინანქრებულია ოქროს ფურცლებით.

ხატის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაბრძანების შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ 19 დეკემბერს, ნიკოლოზობის დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა.

როგორც უწმიდესმა ბრძანა, ხატი ხელთუქმნელია და სასწაულთმოქმედი იქნება.