პუბლიკაციები
გია ჭიაბრიშვილი გია გეგუჩაძის ჩრდილქვეშ არ იმყოფება

gia-chiabrishviliქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა „ზესტაფონმა“ თასის მეოთხედფინალურ მატჩში, გასული სეზონისგან განსხვავებით, წელს ქუთაისის „ტორპედოს“ დამარცხება მოახერხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. გია ჭიაბრიშვილმა მისი წინამორბედის გუნდს თამაში ბოლო 4 წუთში თორნიკე გორგიაშვილისა და ალექსი ბენაშვილის გოლებით მოუგო.

გია ჭიაბრიშვილი რამდენიმე წელია, „ზესტაფონში“ მუშაობს, მაგრამ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის რანგში გუნდს წლეულს ჯერ ევროპის ლიგაზე უთავკაცა „ბრიუგეს“ წინააღმდეგ, შემდეგ კი, ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე, 32 წლის სპეციალისტს ჩემპიონის გაძღოლა სეზონის ბოლომდეც ჩააბარეს. ცენტრიდან ფლანგებზე გაშლილი შეტევები და შეცვლილი ტაქტიკური დეტალები... მიუხედავად „ტორპედოს“ დამარცხებისა, თამაშობს თუ არა გუნდი ინერციით და ვის შეიმატებს „ზესტაფონი“? – ამ საკითხების გასარკვევად საქინფორმი გია ჭიაბრიშვილს ესაუბრა.

ზესტაფონი სათასო დაპირისპირებას 91- წუთამდე აგებდა. როგორ შეაფასებთ საკუთარი გუნდის თამაშს?

– ბევრი მომენტი ჰქონდა როგორც ერთ, ისე მეორე გუნდსაც. ძალიან კარგი თამაში იყო, მაგრამ არ მინდა, ჩემს გუნდს დავუკარგო ის, რაც გააკეთა – ბოლომდე იბრძოლა და დაუფასდა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე გოლი რიკოშეტით  გავიდა.

ელოდით მატჩის შემობრუნებას?

– შეხვედრის შემოტრიალება განაპირობა ფეხბურთელების დიდმა მონდომებამ. მინდა, მადლიერება გამოვხატო ჩემი მოთამაშეების მიმართ, რომლებსაც მოტივაცია თამაშის ბოლო წუთებამდე არ დაუკარგავთ. სწორედ ამან განაპირობა დადებითი შედეგი. ის თავდადება, რაც „ზესტაფონის“ ფეხბურთელებმა გამოავლინეს, დაფასდა.

ჩემპიონატზე გადავიდეთ. ზესტაფონი წლეულსაც ფორმაშია და, დილასთან მარცხს თუ არ ჩავთვლით, თქვენს ჩავარდნას ვერავინ გაიხსენებს. ამის მიუხედავად, გია გეგუჩაძის გუნდიდან წასვლის შემდეგ ხშირად მსმენია ზესტაფონელები ინერციით თამაშობენო. ამ აზრს ეთანხმებით?

– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ გუნდში ბევრი რამ შეიცვალა. როგორ გგონიათ, შეიძლება, ამდენ ხანს გუნდმა ინერციით ითამაშოს? კარგი ფეხბურთელები გვყავს, კარგი გუნდიც ჩავიბარე, ცოტა ხელის შევლება და ცოტა სიახლის შემატება შევძელით. ვფიქრობ, ეს ჩანს კიდეც. შედეგს კი მაყურებლებიც და ჟურნალისტებიც ნახავთ. მე ბევრს არაფერს ვიტყვი, მწვრთნელმა საქმით უნდა დაამტკიცოს – რა შეუძლია და ტიტული მოიგოს. ასე რომ, მეც ჩემი საქმით უნდა დავამტკიცო ყველაფერი.

გეგუჩაძის ზესტაფონისგან განსხვავებით, თქვენი გუნდი ცენტრის ნაცვლად ფლანგებიდან უტევს. რა მისცა ამან გუნდს?

– ცენტრიდან შეტევისას მეტოქეს უადვილდებოდა ჩვენთან თამაში. ყველა, ასე ვთქვათ, ჩამდგარ ფეხბურთს გვეთამაშებოდა, ამიტომ დავაბალანსეთ შეტევათა მიმართულება. მით უმეტეს, რომ გვყავს შემსრულებლები, რომლებსაც ყველა პოზიციაზე შეუძლიათ კარგად თამაში. ბევრ წარმატებას ვერ მივიწერ, მაგრამ მცირე ცვლილებები და ახალი დეტალები შევიტანე თამაშის სტრუქტურაში, თუმცა იმ თამაშიდან არ „გავსულვართ“, რასაც მანამდე ვთამაშობდით.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ხართ და მდევრებსაც უგებთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ გეგუჩაძის ჩრდილში იმყოფებით?

– უკვე ნათქვამს გავიმეორებ – მე ჩემსას ჩემი საქმით დავამტკიცებ, მე ჩემი უნდა ვთქვა და იმედიც მაქვს, რომ გუნდთან ერთად ბევრ მივაღწევთ.

ამ თამაშამდე ორი პრინციპული მატჩი გამართეთ თქვენი წინამორბედის გუნდთან ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში. ერთი წააგეთ, მეორე კი ფრედ დაასრულეთ. უიღბლობა, საგოლე მომენტების გამოუყენებლობა თუ ის, რომ გეგუჩაძე ძალიან კარგად იცნობს ზესტაფონის კოზირებს... თქვენი აზრით, რამ განაპირობა ასეთი შედეგი?

– ეს ყველაფერი პირველ თამაშში მართლაც იყო, მაგრამ, თუ დააკვირდით, მეორე მატჩი უკვე სხვაგვარად წარიმართა. პირველ შეხვედრაში ჩვენი გუნდი ისეთი მონდომებული იყო, პირიქით გამოვიდა, ქუთაისელი ფეხბურთელები კი ამხელა წნეხის ქვეშ არ იყვნენ. მოკლედ, მეტ მონდომებას საწინააღმდეგო შედეგი მოჰყვა.

თვეზე მეტხანს ძირითადი მეკარე როინ კვასხვაძე ტრავმირებული იყო, რომელიც ზურაბ მამალაძემ შეცვალა. დღევანდელ დაპირისპირებაში კვასხვაძე იდგა კარში. შეიძლება უხერხულიცაა, მაგრამ მაინც გკითხავთ ამ ხნის განმავლობაში იყო თუ არა მეკარე ზესტაფონისყველაზე სუსტი წერტილი?

– ასე ნამდვილად არ ყოფილა. ჩვენი ორივე მეკარე ჩემპიონატში გამორჩეულია. ლაფსუსები იყო, მაგრამ შეუძლებელია, მეკარე, რომელიც სკამზე ზის, პირველივე თამაშზე სრულფასოვნად წარმოჩნდეს. ზურა თამაშიდან თამაშამდე უმატებს და კმაყოფილი ვარ. მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ძალიან კარგი ორი მეკარე გვყავს.

– მოსალოდნელია გუნდში ცვლილებებ?

– რამდენიმე ფეხბურთელს წასვლა სურს. წინააღმდეგი არც ჩვენ ვართ – სარგებელი მათაც ნახონ და ჩვენც. უკვე ვიცით, როგორ შევცვალოთ ისინი. ეს ცოცხალი პროცესია და არ არსებობს გუნდი, რომელიც სრულყოფილად იყოს დაკომპლექტებული. ნებისმიერ პოზიციაზე გვყავს ორი ფეხბურთელი, რომლებსაც სრულფასოვნად შეუძლიათ ერთმანეთის შეცვლა.

ამბობენ, რომ ონიანი, ალადაშვილი და გელაშვილი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას გუნდიდან წავლენ. თუ შეიგულეთ უკვე მათი შემცვლელები, პრესაში დასახელდა რამდენიმე ახალი გვარი რაჟამაშვილი, შარიქაძე, ოვონიკოკო... ვის ვიხილავთ ზესტაფონში?

– გაძლიერება რომ გვინდა, ეს უეჭველია და ამჟამად მოლაპარაკებებიც მიმდინარეობს რამდენიმე ფეხბურთელთან. ზემოხსენებულ ფეხბურთელთაგან მხოლოდ რაჟამაშვილთან გავაფორმეთ კონტრაქტი. ალბათ, დანარჩენებთანაც შევთანხმდებით.

გამოდის, რომ ახალგაზრდებზე აკეთებთ აქცენტს. არ გაგიჭირდებათ?

–  მთლად ასე არ არის. ისინი, ჩემი ხედვით, ჩამოყალიბებული ფეხბურთელები არიან, რომლებსაც თავისუფლად შეუძლიათ თამაში ჩვენს ჩემპიონატშიც და ევროტურნირზეც. რა თმა უნდა, ადაპტაციის პერიოდი დასჭირდებათ, ოღონდ, ვიმეორებ, ისინი არ არიან გასაზრდელი ფეხბურთელები, „ზესტაფონის“ თამაშს უნდა მოერგონ, სხვა არაფერი.

 

ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი

საქინფორმი