პუბლიკაციები
მშვიდობის ხე – ჩვენმა თაობამ ომი არ უნდა ნახოს

mSvidobis-xeნანუკა გობეჯიშვილის „მშვიდობის ხე“ 2008 წელს ასოციაცია „მშვიდობა და განათლების“ მიერ მოწყობილი კონკურსის გამარჯვებულია ნომინაციაში „მშვიდობის დესპანი“. ამ ნაწარმოებმა საპატრიარქოს საპატიო საჩუქარიც დაიმსახურა. მაშინ იგი მეათე კლასის მოსწავლე იყო. ნანუკა, დღეს უკვე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი, მრავალი კონკურსის ნომინანტია.

მკითხველს ვთავაზობთ „მშვიდობის ხეს“, რომელიც დღეს, საქართველოში სამხედრო გადატრიალებიდან მეოცე წელს, კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს ომსა და მშვიდობაზე.

...

ამ აღმართზე ბევრჯერ აგვივლია. დედა თვალს გააპარებდა ხოლმე ოთხსართულიანი სახლის ერთ-ერთი ფანჯრისკენ, წამით შემაჩერებდა და ეს წამი მოგონებებში იძირებოდა. სულ მიკვირდა, რით იყო ფანჯრის რაფაზე ამაყად მდგარი ქოთანში ჩარგული გაბარჯღული ხე განსაკუთრებული და რა იპოვა დედაჩემმა მასში ისეთი, რომ ამ შენობას თვალცრემლიანი შორდებოდა.

დედა კითხვას ბანზე მიგდებდა. ალბათ თვლიდა, რომ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი...

...

დეიდა თამარმა სალომე და ვაჩე დიდი სიყვარულით მიიღო. მეზობლებიც გააცნო და დედაშვილური რჩევებიც არ დაიშურა. ბოლოს სახლის გასაღებიც ჩააბარა და დამშვიდობებამდე ჩუმი თხოვნაც გაანდო...

– ეს წმინდა ხე ხუთი წლისაა. სულ პაწაწინა ტოტი მაჩუქა პატრიარქმა. ჯერ თითქოს მოიწყინა, მაგრამ შვილივით ვეფერებოდი და ნახეთ, როგორ გახალისდა. ძალიან უყვარს ეს ადგილი. როგორც ჩანს, ახმაურებული თბილისი მოსწონს, ტკბება ქალაქის სიმშვენიერით და მერე მთელი დღის ნანახ-გაგონილზე მეჩურჩულება. მშვიდობას და სითბოს უდგას სადარაჯოზე. გტოვებთ და გული აქ მრჩება. თუმცა დარწმუნებული ვარ, თქვენც შეუყვარდებით, ბევრ სახალისო ამბავსაც მოგიყვებათ... თქვენ სითბო არ მოაკლოთ და დილაობით მორწყეთ ხოლმე. ესაა ჩემი თხოვნა და უჩემობა არ აგრძნობინოთ, – ალერსით უთხრა დეიდა თამარმა სალომეს, ხეს ერთხელ კიდევ დაუკოცნა ფოთლები და ღიღინით დაემშვიდობა.

სალომე და ვაჩე სითბოს და სიყვარულს არ აკლებდნენ ხეს. თითქოს ისიც გრძნობდა ამ ალერსს და ტოტებით მათკენ იწევდა საამბოროდ...

...

პირქუში დილა გათენდა. დეკემბრის სუსხმა ადამიანების სულიც გაყინა...

ტყვიების ზუზუნმა და აფეთქებების ხმამ გააღვიძა თბილისი. ორიოდ წუთში რადიოც აყვირდა, ცოტა ხანში კი სულ დადუმდა...

გაირინდა ქალაქი. ერთბაშად არახრახდა ტანკები და... სიკვდილის სუნი დატრიალდა დედაქალაქში...

აღმართზე უამრავი სატვირთო მანქანა იდგა. შავპირბადიანები არავის ატარებდნენ. მხოლოდღა ფულს მისცემოდა საშვის სახე. ხელიდან ხელში გადადიოდა ავტომატები, სახვევი მასალა, შპრიცები და რაღაც ამპულები. ზოგიერთი სამხედროფორმიანი ტომრებს მიათრევდა ეზოსკენ... კიბეზე კი მძიმე ნაბიჯების ხმა არ წყდებოდა...

რკინის მოაჯირზე ასხლეტილი ტყვია ხმაშეცვლილი ჟღარუნით ნებდებოდა საკუთარ უძლურებას.

მასიური დარაბებიღა იცავდა სიცოცხლეს...

...

სალომემ კარი შეაღო და შეშინებულმა ხე ფანჯარას მოაცილა. მერე მის წინ დაჩოქილი დიდხანს ლოცულობდა...

სროლა აღარ შეწყვეტილა...

მეორე დღეს ვაჩემ ხე ვეღარ იცნო – ფოთლები ჩამოეშვა, თითქოს ტიროდა... ვაჩემ ისევ ფანჯრის რაფაზე მოათავსა – ამ ადგილს შეჩვეულიაო...

საღამოს სალომე მეზობლის ხმამაც კი შეაკრთო. დათა ძიამ ორი ღვეზელი მოაწოდა...

– გავიყოთ, აღარც პური გვაქვს, აღარც – ფქვილი... როდემდე გავძლებთ, შუქი, გაზი და ტელეფონიც კი გათიშეს. ეს ბიჭებიც დაიმშევიან და რას მოიმოქმედებენ, არავინ უწყის...

ავტომატიანი მოხალისეების დანახვა სალომეს შიშის ზარს სცემდა. არადა, ერთხელ მათაც მოაწოდეს პური...

ფანჯარასთან ხე ისევ გამოცოცხლდა... ბევრი რამის მნახველი გახდა ეს უტყვი მეგობარი.

ერთხელაც სალომე და ვაჩე ამ წმინდა ხესთან ლოცულობდნენ. მცენარე ჩუმად უსმენდა მათ გულისცემას. ერთბაშად ხემ ძალა მოიკრიბა და რაღაც ზებუნებრივი ენერგიით სალომე კედელთან მიაგდო – შავპირბადიანს ქუჩიდან ფანჯრისთვის ავტომატი დაემიზნებინა...

ჭერიდან ჩამოყრილმა ნანგრევებმა ტახტი დაფარა...

დათა ძია ყვირილით შემოვარდა. სალომეს ხელი დასტაცა და ოთახიდან გაიყვანა.

– ყველანაირად ბლოკადაში მოგვაქციეს, აღარავის ინდობენ, ვის ესვრიან, ისევ ქართველებს?!. ჩვენ – უმწეოებს?!.

...

დიდხანს ვერავინ გაიგო, როგორ მოხვდა ჭერში ტყვიები...

...

შიმშილმა თავისი გაიტანა და სალომე და ვაჩე შეუპოვრად დაადგნენ სიცოცხლის გზას.

ეს გზა მტკვრის მეორე მხარეს იწყებოდა და მარჯანიშვილის მოედანზე, პურის მაღაზიასთან მთავრდებოდა. აქ სრული სიმშვიდე სუფევდა და იქით რა ხდებოდა, ვერც ვერავინ წარმოიდგენდა. წითლად ანთებული ტყვიების ფონზე აქედან დედაქალაქი საშინელი სანახავი იყო. მოშავო-მოწითალო კვამლში გახვეული თბილისი თბილისს არ ჰგავდა...

რიგში რამდენიმესაათიანი დგომის შემდეგ მონაპოვარი – ოთხი შავი პური გულში ჩახუტებული მოჰქონდათ. სახლამდე ორიოდ პური შემორჩებოდათ და იმასაც მებრძოლებსა და მეზობლებს უნაწილებდნენ...

სალომეს აღარაფრის ეშინოდა. ახლა თამამად შედიოდა ქუჩისპირა ოთახში ხესთან, მაგრამ ხე არაფერს ეუბნებოდა, მხოლოდღა უხმოდ ქვითინებდა.

ერთ დილას საოცარი სურათი დახვდა – ხეს მარჯვენა მხარე სულ გახმობოდა, მარცხენა კი ძველებურად იყო შეფოთლილი...

არა, დიდხანს ვეღარ გაუძლებდა ხის ტირილს. გულში ჩაიკრა და ფანჯრის რაფიდან გადმოდგა.

ჰოი, საოცრებავ, ტყვიებს  ფანჯრის ჩარჩო გაეხვრიტა და ჭერს მოხვედროდა. წმინდა მცენარეს სალომესათვის გამიზნული სიკვდილის მოციქული საკუთარ სხეულში გაეტარებინა და ასე დაეცვა მომავალი დედა და მასში მფეთქავი ახალი სიცოცხლე.

ხე ტიროდა, მისთვის ორივე მხარე მტკივნეული იყო, რადგან ორივე მხარეს ქართველები იდგნენ...

...

გაზაფხულმა საოცარი ძალით უწამლა ხეს და კვირტებიც წამოუქოჩრა... თბილისმაც მოიშუშა იარები...

...

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა...

...

ამჯერადაც ავუყევით აღმართს. აყვავებულ ხეს ფანჯრის მთელი სივრცე დაეპყრო და ამაყად უცქერდა მჩქეფარე თბილისს. მომხიბლა მისმა სიდიადემ.

წმინდა ხე თითქოს თავისთან გვიხმობდა...

მოხუცი დათა აივანზე დაგვხვდა. ჯერ დიდხანს გვიყურა, მერე კი უცებ თავის დას მოუხმო: – ელენე, ნახე, ვინ მოვიდა?!.

ხანდაზმულ ქალბატონს ვერაფრით გაეგო, ვინ უნდა ყოფილიყო დედაჩემი დათასთვის, რომ მათ შეხვედრას ასე აეღელვებინა მისი ძმა.

– ამ გოგოს ჩვენთვის ომის დროს პური მოჰქონდა, გესმის?.. პური!!! – და თვალაწყლიანებულმა მოხუცმა დედა გულში ჩაიკრა...

დეიდა თამარის სახლში კი სიცოცხლე გრძელდება.

ჩემს დანახვაზე აშრიალებულმა ხემ ტოტები გადმომიშალა ჩასახუტებლად. მის დაკოჟრილ სხეულზე ნატყვიარი მრგვალ სიცარიელედ დარჩენილიყო...

ახლა ვხვდები, რა ტკივილის ამტანია ეს სიცარიელე... მთელი მატიანეა, ლაპარაკი რომ შეეძლოს...

...

დღეს მშვიდობის წმინდა ხეს თამარის შვილიშვილები უვლიან...

ამაყად მომზირალ მცენარეს ქუჩიდან ერთხელ კიდევ ავხედე და ხელი დავუქნიე.

ახლა ვიცი, რატომ იზიდავდა დედას ეს ფანჯარა და რატომ შესცინოდა წმინდა ხე.

დგას ხე ტოტებგაბარჯღული და ტკბება თბილისის ცქერით...

დგას და იცავს სიცოცხლესა და მშვიდობას...

 

ნანუკა გობეჯიშვილი