თბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, პარტია საქართველოში 20 წლის წინანდელ და შემდგომ პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„1991 წლის 22 დეკემბერს საქართველოს ე.წ. ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებულმა უკანონო ბანდფორმირებებმა დაიწყო კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული შეტევა, რის შედეგადაც საქართველოს პირველი კანონიერი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს იძულებული გახდა, დაეტოვებინა სამშობლო. გარე ძალთაგან ინსპირირებულმა ამ მოვლენებმა გამოიწვია სამოქალაქო დაპირისპირება, რასაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი და მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
უკანონო ბანდფორმირებებმა მოახდინეს ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერთა მიერ გამართული მრავალათასიანი შვიდობიანი მანიფესტაციების ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაშლა. ამას მოჰყვა ასობით მომიტინგის მკვლელობა.შეიარაღებულმა ჯგუფებმა სამეგრელოზე რამდენიმეჯერ განახორციელეს თავდასხმა. ძარცვას და მაროდიორობას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
მოვლენათა მსვლელობამ ცხადყო, რომ კანონიერი ხელისუფლების დამხობამ საქართველო კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა. განადგურდა ქვეყნის ეკონომიკა და ინფრასტრუქტურა, გაიზარდა ემიგრანტთა რიცხვი, რამაც სერიოზული პრობლემები შექმნა დემოგრაფიის კუთხით. შიდაარეულობით ისარგებლებს სეპარატისტებმა და გარე ძალების უხეში ჩარევით საქართველომ იურისდიქცია დაკარგა მის ძირძველ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე.
საბოლოოდ, როგორც დღეს ვხედავთ, „პუტჩისტები“ მოქმედებდნენ არა სამშობლოს სიყვარულით (როგორც ისინი ამას აცხადებენ), არამედ პირადი ინტერესებით და ისინი ან მათი სამართალმემკვიდრეები დღემდე რჩებიან ხელისუფლების სათავეში და განაგრძობენ ქვეყნის საბოლოო დაშლა-დანაწევრებას.
„თავისუფალი საქართველო“ გმობს 20 წლის წინათ განხორციელებულ სამხედრო გადატრიალებას, რომლის მძიმე შედეგებს საქართველო დღესაც იმკის. ჩვენ მოვითხოვთ 1991-92 წლების მოვლენების სრულფასოვან და ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეთა კანონის სრული სიმკაცრით დასჯას“.