არცთუ შორეულ წარსულში ახალგაზრდები საქართველოში ჩვეულებრივად ცხოვრობდნენ. გასართობი საშუალებებიც არც ისე მრავალფეროვანი იყო, თუმცა, დღევანდელთან შედარებით, ალბათ, გაცილებით ნორმირებული, წესიერი და ყველასთვის მისაღები. მაშინ გართობის ძირითად საშუალებებს რუსთაველის პროსპექტზე სეირნობა, თეატრში, კინოში სიარული და სალონური შეხვედრები წარმოადგენდა. ამ თაობის წარმომადგენლები ახლაც დიდი კრძალვით და სიყვარულით იხსენებენ იმ დროს, როცა გრძნობები უფრო დაფარული იყო ვიდრე დღეს. დღესაც თაანმედროვე 21 საუკუნეშიც არსებობს კინო, თეატრი, წიგნი, რუსთაველის პროსპექტიც, მაგრამ მისი ადგილი ახალგაზრდებში ნელ-ნელა ე.წ. ახალმა კლუბურმა გართობის წესამ დაიკავა.
საქართველოში კლუბურმა ცხოვრებამ თითქმის სულ ახლახან მოიკიდა ფეხი, თუმცა ბოლო დროს აშკარაა, რომ ამ სფეროში ქართველებსაც „გაეხსნათ ფანტაზია.“ დღეს რამდენიმე ცნობილი კლუბის კარს მიღმა ნამდვილი „ორგიები“ იმალება. ყოველ შემთხვევაში, ამ ყფელაფერს 20-ოდე წლის წინათ ასე ეძახდნენ.კლუბებში მოხვედრა დღეს არც ისე ძნელია. მართალია, ე. წ. “Face control” საქართველოშიც არსებობს, მაგრამ გოგონებისთვის ამ პრობლემების მოგვარება მარტივია. თუ მინიკაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია, ნებისმიერი კარი ჯადოსნურად იღება თქვენ წინ. აი, დეკოლტეც თუ გამშვენებთ, დაცვა აუცილებლად გეტყვით, რომ დაგიმახსოვრებს და შემდეგში უპრობლემოდ შეგიშვებს.
რა ხდება ამ ყველაფრის შემდეგ, მაშინ, როცა ზემოაღნიშნული „კონტროლის“ გავლის შემდეგ შენ უკან კარი იკეტება?! – განსაკუთრებული არაფერი! აღტაცებული შედიხარ თამბაქოს ბოლისგან გაბუღულ დარბაზში (სადაც ზოგჯერ იქ შეკრებილთა სახეების გარჩევაც ჭირს), შენც ენერგიულად უკიდებ თამბაქოს და ეწევი თუ არ ეწევი, მაინც მოდასაყოლილი აბოლებ. მუსიკა, რა თქმა უნდა, გამაყრუებლად მაღალ ხმაზეა ჩართული, მერე რა, რომ ვერც კი ამჩნევ, როგორ „ბურღავსტვინს“ მონოტონურად. უმუსიკოდ, თანაც, ხმამაღალი მუსიკის გარეშე, არაფერი გამოვა.
ამ ყველაფრის ხილვის შემდეგ კუთხეში ცხელი ყავით ვერ მოკალათდები. ეს ის ადგილი არ არის, სადაც ყავისა და ხილის წვენის მირთმევით „იოლას გახვალ“. უნდა დალიო რამე ალკოჰოლიანი, მაგალითად, ყველაზე იაფი – ე.წ. რედბულვოდკა, თანაც, რაც შეიძლება, ბევრი.
გოგონები აქაც იოლად პოულობენ გამოსავალს – ადვილად ახერხებენ ისეთ მამრების პოვნას, რომლებსაც მარტივი ხერხებით აპატიჟებინებენ თავს სასმელზე, თუნდაც ერთი „ამღვრეული“ ცეკვის სანაცვლოდ. ხშირად გაიგონებთ თინეიჯერ გოგონებში მსგავს ფრაზებს: „საღამოს კლუბში წავიდეთ, მერე რა, რომ ფული არ გვაქვს, დასალევზე ვინმე დაგვპატიჟებს და ტაქსის ფულს როგორმე მოვახერხებთ!“.
როცა უკვე ალკოჰოლი „თავის საქმეს აკეთებს“, მაშინაა „წვეულების პიკი“! იწყება ცეკვის მსგავსი რაღაც მოქმედება, გაგიჟებული ემოციამოზღვავებული გოგო-ბიჭების კიჟინი, ხორხოცი, ხვევნა, კოცნა...
მართალია, ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ „ბოროტი ენების“ თანახმად, ბიჭებიც და გოგონებიც ერთმანეთის „ასაყრელად“ თუ „შესაბმელად“ დადიან კლუბებში. კარგ დროსტარებად არ ითვლება დღე, თუ ვინმე საპირისპირო სქესის წარმომადგენელი არ გაიცანი, გადაჯაჭვულებმა არ იცეკვეთ და ერთი-ორჯერ ვითომ შემთხვევით თუ არ აკოცეთ.
მთავარია, იმდენი დალიო, რომ მეორე დღეს არაფერი გახსოვდეს – შენ სინდისსაც უცნობ მამაკაცთან ხვევნა-კოცნა არ დაამძიმებს და ყველაფერი კარგად იქნება. კულმინაციის მომენტში ვინ ვის ეხვევა, ვინ ვისთან ერთად არის ჩაკეტილი ტუალეტში, ვინ ვის ჰკოცნის – ამის გარკვევა შეუძლებელია. ამ ყველაფრის შემხედვარე კლუბის ადმინისტრაციაც კმაყოფილია: საზოგადოება აჟიტირებულია, ზომაზე მეტად მთვრალი, ე.ი. „ივენთი“ შედგა!
„ქლაბერების“ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ბოლო დროს სახიფათოდ მომრავლდნენ ე.წ. პაპარაცები, რომლებიც მთელი მონდომებით აფიქსირებენ კლუბებში ყველაზე საინტერესო მომენტებს. მეორე დღეს კი დიდი ზარ-ზეიმით აქვეყნებენ გამომთვრალ-აჟიტირებული ახალგაზრდების ფოტოებს „ფეისბუქზე“. გირჩევთ, თუ მკაცრი მშობლები ან მეუღლე გყავთ, ზედმეტისგან მაინც თავი შეიკავოთ. მერე აღარ გიშველით საღამოს შესახებ მოყოლილი ზღაპარი, რომ მხოლოდ გოგონები იყავით და ბიჭები მხოლოდ ბარმენი და DJ იყვნენ…
მიუხედავად იმისა, რომ დღეს კლუბში ბევრი სისტემატურად დადის, „ქლაბერის“ სტატუსსაც ერთგვარი დამსახურება სჭირდება. რაიმე „ორიგინალური“ უნდა მოიფიქრო, საზოგადოებას თავი რომ დაამახსოვრო. მაგალითად, ბოლო დროს ყურადღების მიქცევის ერთ-ერთ აპრობირებულ მეთოდად მაგიდაზე ასვლა და გაშიშვლება იქცა. თუ ამდენად თამამი არ ხართ, მაშინ დაქალთან მაინც უნდა „იზასაო“, დღეს ხომ ლესბოსელობა მოდაშია. ამ სამყაროში წესიერ და ჭკვიან ადამიანებს არ სწყალობენ. კარგ ტონად ითვლება ბევრი პირსინგიც (საყურე სახის სხვადასხვა ნაწილზე ან, სულაც, ჭიპზე), ასევე წარმატებით მუშაობს ტატუც, თუმცა ერთი ფერის ტატუ, როგორც ამბობენ, თურმე უკვე ძველმოდურია. ახლა ფერად ტატუირებას ამჯობინებენ.
და როგორ მთავრდება ეს ყველაფერი? დაახლოებით ღამის 3 საათისკენ იწყება ოჯახებიდან რეკვა. ამ დროს გოგონები გარბიან ტუალეტში ან ქუჩაში, რომ სიწყნარეში შეძლონ ოჯახის წევრებთან დალაპარაკება შემდეგი ტექსტით: „ტაქსიში ვზივარ და უკვე მოვდივარ!“. მერე სასწრაფოდ პოულობენ საკუთარ ნივთებს, ნაჩქარევად ემშვიდობებიან ახლად შეძენილ ბოიფრენდებს და სახეწაშლილები, გართობით გულმოჯერებულები, არეული ნაბიჯებით ტოვებენ „საყვარელ“ კლუბებს.
და ბოლოს, ერთი „ოქროს“ წყვილის აზრი:
ლენკა მაღრაძე, „ქლაბერი“: კვირაში ორჯერ-სამჯერ დავდივარ კლუბში, ამის გარეშე არ შემიძლია. თანაც, სხვაგან სად უნდა წახვიდე გასართობად დღეს? კინოში და თეატრში მოსაწყენი ისტორიების ყურების ნერვი არ მაქვს. ნამდვილი დროსტარება კლუბებშია“.
დათუნა მაჭავარიანი, „ქლაბერი“: ხშირად დავდივარ კლუბებში, ცეკვა მაინცდამიანც არ მიყვარს, მაგრამ ვსვამ და ლამაზ გოგონებს ვიცნობ ხოლმე. კლუბებში თავისუფლებაა, რასაც გინდა, იმას აკეთებ და ეს „ასწორებს“.
მოკლედ, ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში გართობა თუ გინდა, კლუბში უნდა წახვიდე…
თეო ტაბატაძე
საქინფორმი