აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: „თუ რუსები ოდესმე შემოვლენ ევროპის ოჯახში, ჩვენ სიამოვნებით ვიმეგობრებთ მათთან“

misha-sami-megobrobaთბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება სააკაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსთან ერთად ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.

„ეს წელიწადი ჩვენთვის ევროკავშირის მიმართულებით გარღვევის წელი იყო. 2008 წლის ომის შემდეგ ბევრს საქართველო ჩამოწერილი ჰყავდა, მე კი პოლიტიკურ ცხედრად ვყავდი მიჩნეული. ომიდან 3 წლისთავზე სულ სხვა ვითარებაა და ეს ჩვენი რეფორმების დამსახურებაა. რეფორმები მუდმივი პროცესია და მომავალ წელსაც დიდი გეგმები გვაქვს. ვენეციის კომისიისგან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მივიღეთ. კიდევ კარგი, შევთანხმდით, რომ დეპუტატების რაოდენობა 150-ზე მეტად არ გაიზრდება, იმიტომ, რომ ყოველთვის ამის წინააღმდეგი ვიყავი. ასევე, პარტიების დაფინანსების ძალიან კარგი სისტემა შემოდის, რათა ვერავინ, მითუმეტეს, გარედან და, მით უფრო, დამპყრობლის ფულით საქართველოში რაიმე პროცესებისთვის ხელისშეშლა და განვითარების შეფერხება ვერ შეძლოს. ჩვენი მომავალი ევროპაშია. მესამე ძალას შეუძლია ამის ხელისშეშლა, მაგრამ თუ შანსი მიეცა. მოლაპარაკებებზე „შენ გენაცვალე“ და „შენი ჭირიმეს“ ძახილი არაფერს მოგვცემს. რასაც პუტინი სულ მთხოვდა და მეუბნებოდა, ეს იყო „ნუ ლაპარაკობთ ამ საკითხებზე“. ვინც არ ელაპარაკა, რა ჩიტი დაიჭირა – გაზის ფასი დაუკლეს, ტერიტორია დაუბრუნეს?! ჩვენი განვითარების ერთადერთი გზა ევროპის ოჯახია. თუ იქ ოდესმე რუსები შემოვლენ, ჩვენ სიამოვნებით ვიმეგობრებთ მათთან, მაგრამ როგორც ევროკავშირის ან ნატოს წევრები. ისინი შეეცდებიან, დაგვარწმუნონ, რომ იქით არ გავიხედოთ და რაღაცას მოგვცემენ, მაგრამ ქართველი ერი ძალიან გამოცდილია“, – განაცხადა სააკაშვილმა.