პოლიტიკა
თბილისი, 21 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტ ვილფრედ მარტენსთან ერთად, ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველს მომავალზე ორიენტირებული ხედვა უნდა შესთავაზოს.
მისივე თქმით, „დღეს მმართველ ძალას, ძირითადად, „წარსულიდან მოსული ძალები“ უპირისპირდებიან და იმედია, მომავალში გამოჩნდებიან ოპოზიციური პარტიები „არადისკრედიტებული წარსულით“.
„დღეს ძირითადი ძალები, რომლებიც ჩვენ გვიპირისპირდებიან, ესენი არიან წარსულიდან მოსული ძალები. ეს არის ნეოშევარდნაძისტული ფლანგი, რომელიც ყალიბდება, ერთი მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, ის ხალხი, რომელმაც ვერ მონახა საკუთარი თავი თანამედროვე პირობებში. რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმაც, ახალმა ძალებმა, რომლებიც, იმედია, გამოჩნდებიან უფრო არადისკრედიტებული წარსულით, შესთავაზონ საზოგადოებას უკეთესი ხედვა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ „ყველა შემთხვევაში, „ნაციონალურ მოძრაობას“ განახლება დასჭირდება“.