აქტუალური
უმძიმესი მდგომარეობა დროებითი მოთავსების იზოლატორებში

angarishhi22თბილისი, 20 დეკემბერი, საქინფორმი. სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში (დმი) მღრღნელებისა და მორიელების არსებობა სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგის დროს დააფიქსირეს. სახალხო დამცველი სპეციალურ ანგარიშში მიუთითებს, რომ აღნიშნულ იზოლატორში ადამიანის მოთავსება, თუნდაც მცირე ხნით, შეიძლება არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობად ჩაითვალოს.

„სამტრედიის დმი შედგება 6 საკნისგან, მათგან 3 მოქმედია. დმი-ში სუფევს ანტისანიტარია. საკნებში არის სინესტე და სიბინძურე. ფანჯრებზე აფარებულია ლითონის ნახვრეტებიანი ფირფიტა, რის გამოც შეუძლებელია საკნის ვენტილაციისა და განათების უზრუნველყოფა. კედლებიდან ჩამოყრილია ბათქაში. მონიტორინგის დროს დაფიქსირდა მღრღნელებისა და მორიელების არსებობა. საპირფარეშო განთავსებულია დერეფნის ბოლოს და მისი სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა არის ძალიან ცუდი. დმი-ში არ არის საშხაპე, სასეირნო ეზო და გათბობის არანაირი საშუალება“, – განმარტავს ომბუდსმენი დოკუმენტში.

სახალხო დამცველი მიესალმება იმ დროებითი მოთავსების იზოლატორთა ნაწილის გაუქმებას, რომელთა ლიკვიდაციის თაობაზეც მან რეკომენდაცია გასცა. კერძოდ, ესენია: გორის, ხაშურისა და ცაგერის დროებითი მოთავსების იზოლატორები, თუმცა დღემდე ფუნქციონირებს სამტრედიის იზოლატორი.

რაც შეეხება სხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებს, ანგარიშში აღნიშნულია, რომ უმრავლესობაში არ არის საკმარისი განათება და ვენტილაცია; ზოგიერთ მათგანს საერთოდ არ გააჩნია ფანჯარა (ახალციხე; ბორჯომი) ან ეს უკანასკნელი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივ ვენტილაციასა და განათებას. ზოგიერთ საკანში ფანჯრები საკმარისი ზომისაა, თუმცა სამმაგი გისოსები არ იძლევა განათებისა და ვენტილაციის საშუალებას (სიღნაღი). საკნებში განთავსებული საპირფარეშოები არ არის იზოლირებული.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყველა დროებითი მოთავსების იზოლატორში მოხდეს საპირფარეშოების იზოლირება, თუმცა აღნიშნული რეკომენდაცია ჯერ არ შესრულებულა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, მარნეულის, ამბროლაურის, თბილისის №1 და ბათუმის დმი-ს ზოგიერთი საკნის გარდა, სხვა დროებითი მოთავსების იზოლატორების საკნებში თითოეულ დაკავებულზე გამოყოფილი ფართი არ აკმაყოფილებს 4 კვ მ სტანდარტს. სახალხო დამცველმა თავის არაერთ საპარლამენტო მოხსენებაში გასცა რეკომენდაცია, თითოეულ დაკავებულზე გათვალისწინებული ყოფილიყო 4 კვ მ ფართი. აღნიშნული რეკომენდაცია გასცა წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმაც.

ამასთან, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, არცერთ იზოლატორში დაკავებულებს ან პატიმრებს არ მიეწოდებათ თეთრეული. მათ ეძლევათ მხოლოდ გადასაფარებლები და ლეიბები. „ადმინისტრაციასთან გასაუბრებით გაირკვა, რომ გადასაფარებლები, საუკეთესო შემთხვევაში, ირეცხება თვეში ერთხელ, შესაბამისად, არსებობს სხვადასხვა დაავადების გავრცელების რეალური საფრთხე. მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, ზოგიერთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში საწოლების მაგივრად კვლავ გამოიყენება ფიცარნაგი. ესენია: ახალქალაქის, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, წალკის, თბილისის №2 დმი-ს ზოგიერთი საკანიж ბაღდათის, ქვემო ქართლის რეგიონული დროებითი მოთავსების იზოლატორები“, – ნათქვამია ანგარიშში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა არაერთხელ გასცა რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ 24 საათზე მეტი ხნით დაკავებულ პირებს ჰქონოდათ ყოველდღიურად, სულ მცირე, ერთსაათიანი გასეირნების უფლება, თუმცა დროებითი მოთავსების იზოლატორების უმეტესობაში არ არის სასეირნო ეზოები. ზოგიერთ ახალ დროებითი მოთავსების იზოლატორში სასეირნო ეზოდ გამოიყენება დერეფნები, რაც ყოვლად გაუმართლებელია.

„ყველა დმი-ში დაკავებულებს მიეწოდებათ სტანდარტული საკვები – პური, კონსერვის პაშტეტი და პაკეტის სუპი. აღნიშნული საკვები არასრულფასოვანია, რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმის გათვალისწინებით, რომ პირს შეიძლება 3 თვის განმავლობაშიც კი მოუწიოს დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნამ და არ ჰყავდეს ახლობლები, რომლებიც ამანათით დამატებით საკვებს შეუგზავნიან. გამონაკლისს წარმოადგენს თბილისის №1 და №2 დმი-ები, სადაც განთავსებულ პირებს საკვები მიეწოდებათ დაწესებულების სასადილოდან, რაც გაცილებით სრულფასოვან და მრავალფეროვან კვებას უზრუნველყოფს თავისუფლებააღკვეთილი პირებისთვის“, – აღნიშნულია ტუღუშის ანგარიშში.

ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სახალხო დამცველი რეკომენდაცით მიმართავს საქართველოს მთავრობას: ადმინისტრაციული პატიმრობაშეფარდებული პირებისთვის უზრუნველყოფილ იქნეს სპეციალური დაწესებულებების შექმნა რეგიონული პრინციპის გათვალისწინებით, რომლებიც ადაპტირებული იქნება პირთა ხანგრძლივი განთავსებისათვის.