პუბლიკაციები
ჰოსპიტალური სექტორი: საავადმყოფო თუ ხუთვარსკვლავიანი ოტელი?!

11jandacvaპატარა ნიკუშა დღეს უკეთაა... რამდენიმე დღის წინ ის კრუნჩხვებში ჩავარდა და რეანიმობილით ბავშვთა მესამე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნიკას მშობლებთან სტუმრად სწორედ მაშინ მივედი, როცა 2 წლის პატარა ცუდად გახდა. ასე რომ, საავადმყოფოში გავყევი. პაციენტის დედა და თავად ბავშვი სოციალური დაზღვევის ფარგლებში სადაზღვევო კომპანია „IC Group“-ის მომსახურებით სარგებლობდნენ, თუმცა საავადმყოფოში მიყვანისას გაირკვა, რომ ბავშვს დაზღვევა შეწყვეტილი ჰქონდა. მართალია ექიმებმა პაციენტს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მის საავადმყოფოში დასატოვებლად დღე-ღამეში 300 ლარი მოითხოვეს. საერთო ჯამში კი ნიკა ჰოსპიტალში 3 დღე-ღამის განმავლობაში უნდა დარჩენილიყო.  ვინაიდან ბავშვს დაზღვევა შეწყვეტილი ჰქონდა, ჩვენ მოვითხოვეთ, მის მიმართ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედებულიყო, რომლის მიხედვით, 3 წლამდე ასაკის პაციენტს კრიტიკული მდგომარეობის შემთხვევაში – ხარჯების 100%-ს, სხვა შემთხვევაში კი 80%-ს სახელმწიფო უნაზღაურებს.

საავადმყოფოს პერსონალმა განგვიმარტა, რომ, ვინაიდან პაციენტის დედას სოციალური დაზღვევა აქვს, მის შვილზე სახელმწიფო პროგრამა არ მოქმედებს – ეს ინფორმაცია კი თავიდანვე აბსურდული გვეჩვენა, ამიტომ თავდაპირველად სადაზღვევო კომპანიას დავუკავშირდით. კომპანიის ერთ-ერთმა მენეჯერმა სოფო ლებანიძემ საქინფორმთან საუბრისას განმარტა, რომ პაციენტს დაზღვევა ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე შეუწყდა, თუმცა იქვე ისიც აღნიშნა, რომ „სადამდეც დედას აქვს დაზღვევა, ბავშვსაც ავტომატურად ეკუთვნის ის“. ლებანიძემ განგვიმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საავადმყოფოს ხელმძღვანელობის მხრიდან მოთხოვნილი თანხა უნდა გადაგვეხადა, მეორე დღეს კი ჯანდაცვის სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიაში დაზღვევის საკითხი მოგვეგვარებინა და იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო კვლავ დააზღვევდა პატარას, სააგენტო ყველა ხარჯს დაფარავდა. ამ შემთხვევაში კი აღარ მიექცეოდა ყურადღება იმას, პაციენტი მის დაქვემდებარებულ საავადმყოფოში იწვა თუ არა. საავადმყოფოში კი გვითხრეს, რომ „IC Group“-ის დაქვემდებარებაში არ არიან, შესაბამისად, პაციენტის მკურნალობას კომპანია ვერ დააფინანსებდა...

ამჯერად ნამდვილად აღმოვჩნდით დიდ გაუგებრობაში, რის შემდეგაც სოფო ლებანიძემ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ მაია კუბლაშვილთან გადაგვამისამართა, რომელიც მიუხედავად ღამის საათებისა (დაახლოებით, 23:00 საათი იქნებოდა) საკითხის გარკვევას შეეცადა. უნდა აღინიშნოს, რომ მაია კუბლაშვილი რომ არა, რომლის პირადი საკონტაქტო ნომერი სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენელმა მხოლოდ დიდი თხოვნის შემდეგ მოგვცა, პატარა ნიკუშას ჯანმრთელობის მდგომარეობას ნამდვილად დაემუქრებოდა სერიოზული საფრთხე.

როდესაც ქალბატონმა მაიამ საქინფორმისგან შეიტყო, რომ ბავშვის მკურნალობისთვის საავადმყოფო ფულს ითხოვდა, „კატეგორიულად“ გაგვაფრთხილა, რომ არანაირი თანხა არ გადაგვეხადა, რადგან 3 წლამდე ასაკის ბავშვზე, თუ ის საავადმყოფოში იმ პერიოდში მოხვდა, როდესაც სოციალური დაზღვევა შეწყვეტილი აქვს, სახელმწიფო დაფინანსების პროგრამა მოქმედებს. ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ჩავაყენეთ საქმის კურსში და ავუხსენით, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ პაციენტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების შესაძლებლობა არარეალური მიზეზით გამორიცხა და თანხა მოგვთხოვა. ამის შემდეგ მაია კუბლაშვილი სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს დაუკავშირდა, რომელმაც საავადმყოფოს ხელმძღვანელობასთან პაციენტთან დაკავშირებული პრობლემა აღმოფხვრა და პატარა ნიკა ჰოსპიტალში დატოვეს სამკურნალოდ – ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე...

მეორე დღეს კი ბავშვის მამასთან ერთად მაია კუბლაშვილს სამინისტროში შევხვდი, რომელმაც დაზღვევის საკითხი დროულად მოაგვარა. მოცემულ შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ დაფინანსების შეწყვეტის მიზეზი ბავშვის დედის მიერ დეკლარაციაში დემოგრაფიული ცვლილების არასახვა გახდა, თუმცა ერთი კითხვა მაინც დარჩა პასუხგაუცემელი სამინისტროს მხრიდან – რატომ არ აცნობა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურმა ოჯახს, რომ ბავშვის დაფინანსება შეწყდა? ამ კითხვაზე კუბლაშვილმა გვიპასუხა, რომ სამინისტრო ვალდებული არაა, მსგავს შემთხვევაში ოჯახს აცნობოს დაზღვევის შეწყვეტის ფაქტის თაობაზე. თუმცა პასუხი ნამდვილად არ იყო სახარბიელო, რადგან შესაძლოა, ნებისმიერ მოქალაქეს შეექმნას გამოუვალი სიტუაცია, როცა მისი სოციალურად დაუცველი ოჯახის პატარა წევრს ჰოსპიტალიზება დასჭირდება, და თუ ბავშვი სამ წელზე მეტი ასაკის იქნება, შესაძლოა, მკურნალობის გარეშე დარჩეს მხოლოდ იმის გამო, რომ მშობელი ბავშვისთვის დაზღვევის შეწყვეტის შესახებ დროულად ინფორმირებული არ აღმოჩნდეს.

რაც შეეხება საავადმყოფოს დღიურ ხარჯებს – როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ნიკუშას საავადმყოფოში დატოვებისთვის პერსონალმა დღე-ღამის განმავლობაში 300 ლარის გადახდა მოითხოვა, რამაც ბუნებრივი აღშფოთება გამოიწვია ბავშვის ოჯახის წევრებში. პერსონალმა განმარტა, რომ საავადმყოფო რამდენიმე თვის წინ კერძო პირმა, ვინმე ბიზნესმენმა გიგი გოცირიძემ, შეიძინა და ეს სწორედ მისი კომპანიის მიერ დადგენილი თანხაა. მართალია, ჯანდაცვის სამინისტროში განგვიმარტეს, რომ ყველა საავადმყოფო სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია, თუმცა, როგორც ჩანს, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს სახელმწიფო ან სადაზღვევო კომპანია არ აფინანსებს, გადასახდელი თანხები მაინც კოლოსალურია და ამას ხელისუფლება ვერ ან არ აკონტროლებს.

საავადმყოფოში რამდენიმე საათს დავყავით, ვიდრე პრობლემა ბოლომდე არ აღმოიფხვრა. ექიმებსა და სხვა პერსონალთან საუბრისას კი საქინფორმისთვის ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გახდა ცნობილი. როგორც პრივატულ საუბარში ექიმებმა აღნიშნეს, თბილისში არსებული ბავშვთა აბსოლუტურად ყველა საავადმყოფო რამდენიმე თვის წინ, დაახლოებით, მიმდინარე წლის მაის-ივნისში, გაიყიდა და ყველა მათგანი კერძო პირების ხელში გადავიდა. სწორედ ამ გარემოებით არის გამოწვეული ის უკონტროლო სიტუაცია, რომელსაც საავადმყოფოს ადმინისტრაციის მხრიდან ბავშვის მკურნალობისთვის მოთხოვნილი თანხების კოლოსალურობა იწვევს.

თუმცა, ალბათ, საზოგადოებისთვის სახელმწიფოს დაუდევრობის ან, თუ გნებავთ, უყურადღებობის გარდა მიუღებელი ის გარემოებაცაა, რომ ბიზნესმენებმა, ისეთებმა, როგორიცაა გიგი გოცირიძე, კარგა ხანია, დაივიწყეს ადამიანის, მათ შორის, ბავშვის სიცოცხლის ფასდაუდებლობის თეორია და მათთვის მძიმე მდგომარეობაში მყოფი ორი წლის ბავშვიც კი მხოლოდ და მხოლოდ მოგების ობიექტია და მეტი არაფერი – ჩვენ გარკვევით გაგვაფრთხილეს საავადმყოფოში, რომ მხოლოდ თანხის წინასწარ გადახდის შემთხვევაში გააგრძელებდნენ პაციენტის მკურნალობას (კერძოდ, ამ შემთხვევაში, რეანიმაციაში)...

აქვე გვსურს, მკითხველს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ ვაცნობოთ. კერძოდ, საქმე ეხება პოლიკლინიკებს, რომლებიც, როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, სრული შემადგენლობით გადავიდა კომპანიების – „ავერსისა“ და „PSP“ -ს მფლობელობაში. შესაბამისად, საუბნო პოლიკლინიკებში ფასებმა საკმაოდ იმატა. მაგალითისთვის გვსურს, ერთი შემთხვევის შესახებ გიამბოთ, რომლის მომსწრეც თავად გავხდი: ერთ-ერთ პოლიკლინიკას ფილტვებზე რენტგენის გადასაღებად მივაკითხე. სალაროში თანხის გადასახდელად მისულს მომსახურება 25 ლარი დამიფასეს (მანამდე ამავე პოლიკლინიკაში რენტგენის გადაღება 15 ლარი ღირდა, მოგვიანებით კი – 20 ლარი). თანხა, რა თქმა უნდა, გადავიხადე, თუმცა ერთ-ერთ ექიმს, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, ფასების ზრდის მიზეზებზე ვკითხე. მისგან კი პასუხად მივიღე, რომ  პოლიკლინიკები „ავერსისა“ და „PSP“ -ს მფლობელობაში გადავიდა და ფასების ზრდაც სწორედ ამით არის გამოწვეული, რადგან ფასებს ამჯერად არა სახელმწიფო, არამედ მფლობელი კომპანია ადგენს...

რაც შეეხება მაღალ ფასებს ბავშვთა საავადმყოფოებში – ამ საკითხზე საქინფორმი მ. გურამიშვილის სახელობის პედიატრიული კლინიკის (ყოფილი ბავშვთა საავადმყოფო №3) გენერალურ დირექტორს, ბატონ ავთანდილ გვენეტაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, ფასებს საავადმყოფოს ხელმძღვანელობა კალკულაციის მეთოდით ადგენს და ამ საკითხში სახელმწიფო არ ერევა. როგორც ბატონმა ავთანდილმა აღნიშნა, კრიტიკულ განყოფილებაში მოთავსებული 3 წელს გადაცილებული ბავშვის მკურნალობა დღე-ღამეში 300 ლარი ღირს, ხოლო პედიატრიულ პალატაში – 160 ლარი. კალკულაციაში, ბუნებრივია, გათვალისწინებული იყო ბიზნესმენის მოგების საკითხიც, თუმცა, გვენეტაძის განმარტებით, ეს თანხის მხოლოდ მცირე ნაწილია. „ზოგან ჩვენზე მაღალი ფასებიც არის. მაგალითად, ჟვანიას სახელობის კლინიკაში კრიტიკულში ბავშვის დაწვენა 400 ლარია. იცით, ფასები შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს, რადგან მალე მოსახლეობას უფრო მაღალი დონის სერვისს შევთავაზებთ – ახალი აპარატურა ინერგება ყველგან. რაც შეეხება სახელმწიფოს როლს ამ ყველაფერში, ის ფასების რეგულაციაში არ ერევა, მხოლოდ მოგების 20% იღებს, როგორც ეს კანონითაა დადგენილი. თუმცა მთავარი პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფომ ყველაფერი გაყიდა და კერძო პირი – ბიზნესმენი, ფასებს როგორ განსაზღვრავს, ამაში ის ვერ ჩაერევა“, – აცხადებს გვენეტაძე.

ამ ყველაფრის პარალელურად კი საქართველოს პრეზიდენტი თითქმის ყოველდღიურად გვიყვება მთავრობის ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში აშენებულ თუ მშენებარე საავადმყოფოებზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია ახალი საავადმყოფოები, რომლებითაც ასე ამაყობს ხელისუფლება, თუმცა მოსახლეობის რამდენი პროცენტი შეძლებს მათით სარგებლობას, საკითხავია, განსაკუთრებით, იმ ფონზე, რომ ძველ საავადმყოფოებშიც კი ფასები იმდენად კოლოსალურია, რომ ზოგჯერ სასტუმროს მომსახურების ტარიფებს აღემატება.

(გაგრძელება იქნება)

ლევან სულაშვილი

საქინფორმი