გივი კვარაცხელია: „საქართველოში ლიდერები აუტსაიდერებს კლასით არ აღემატებიან“
32 წლის მცველ-ნახევარმცველი რუსთავის „მეტალურგში“ ერთწლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. მაშინდელი „ოლიმპის“ გაჩემპიონების შემდეგ ფეხბურთელმა თბილისის „დინამოს“ მიაშურა, იქიდან „სპარტაკში“ გადაბარგდა, მაგრამ რამდენიმე ტურში კონტრაქტი გაწყვიტა ცხინვალელებთან და ქვემოქართლურ კლუბში გადმოვიდა. „კოლხეთთან“ მარცხი, „სიონთან“ და „გაგრასთან“ ფრე... გივი კვარაცხელია გუნდის არასტაბილურობის მიზეზებზე საქინფორმთან თან საუბრობს: – „მეტალურგი“ ბოლო ტურებში საკმაოდ არადამაჯერებელია, ბოლნისთან ქულა ძლივს აიღეთ, ბოლო ტურში „გაგრასთანაც“ საკუთარ არენაზე ძლივს გადაარჩინეთ შეხვედრა მარცხისგან. რამ გამოიწვია ეს წარუმატებლობა? – ახლა ისეთი ფეხბურთი მიდის, რომ თუ ყველა გუნდთან ბოლომდე არ დაიხარჯე, შედეგს ვერ მიაღწევ. მითუმეტეს, საქართველოში. კლასში არ არის იმხელა განსხვავება, რომ აუტსაიდერს აღემატებოდე. ყველა თამაშში ბოლომდე უნდა იბრძოლო და დაიხარჯო. ალბათ, ესაა ჩვენი ასეთი არასტაბილური თამაშის მიზეზი.
– ამით იმის თქმა გსურთ, რომ გუნდი ბოლომდე არ იხარჯება? – არა. ბოლომდე რომ არ იხარჯებოდეს, ლიდერებში არ ვიქნებოდით. მე ვამბობ, რომ ყველა გუნდთან უნდა დაიხარჯო – ეს აუტსაიდერი იქნება თუ ლიდერი. ყველას პატივი უნდა სცე და დააფასო. – ბოლნისის „სიონის“ შემთხვევაში, თითქოს თქვენ მეტოქე ვერ დააფასეთ სათანადოდ.ზედმეტმა თავდაჯერებამ ხომ არ დაგღუპათ? – „სიონში“ ბევრი რამ შეიცვალა. მოვიდა ამბიციური და ნიჭიერი ახალგაზრდა მწვრთნელი ლევან ბაჯელიძე. მან შეძლო და მოკლე ხანში საბრძოლო გუნდი ჩამოაყალიბა. ბოლო თამაშებიც აჩვენებს, რომ ბოლნისი იოლად არავის არაფერს უთმობს. პირიქით, ართმევს ქულებს, ამიტომ ჩვენი ქულების დაკარგვაც არაა გასაკვირი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვერავისთან მოიგებ ისე, თუ ბოლომდე არ დაიხარჯე. – ბოლო დროს შეიმჩნევა, რომ გუნდი გადაღლილია. ორჯერადი ვარჯიშები გაქვთ, ვეღარ უძლებენ ფეხბურთელები ამდენ ფიზიკურ დატვირთვას? – სეზონის ბოლოა და ეს ლოგიკურიცაა. ყველა გადაღლილია როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. რაც შეეხება ორჯერად ვარჯიშებს, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის. გვყავს მწვრთნელები და მათ უკეთ იციან, რას აკეთებენ. – ფოთის „კოლხეთზეც“ გკითხავთ – რატომ გახდა ეს გუნდი რუსთაველებისთვის დაუძლეველი ბარიერი? – ფოთთან წაგების ბევრი მიზეზი იყო, მაგრამ ამით იმის თქმა არ მინდა, რომ თითქოს „კოლხეთმა“ დაუმსახურებლად გაიმარჯვა. იმსახურებდნენ და მოგვიგეს. ისე, „კოლხეთი“ ფოთში ყველასთვის ძნელად დასამარცხებელი გუნდია. ეს ყველამ კარგად იცის. – ახლა მეხუთე ადგილზე ხართ და წინ ისეთი რთული მატჩები გელით, როგორც „ტორპედოსთან“, „დინამოსა“ და „ზესტაფონთან“ დაპირისპირებაა. რის იმედი გაქვთ? – სახლში წელს თამაში არ წაგვიგია. „დინამოსა“ და „ზესტაფონს“ შინ ვიღებთ, მანამდე კი ძალიან რთული გასვლა გვაქვს ქუთაისში. ეს სამი თამაში დიდ გავლენას იქონიებს ჩვენს სატურნირო მდგომარეობაზე. აქ პასუხი ერთია – ჩვენ გავალთ და ვიბრძოლებთ, რა თქმა უნდა, სამივე თამაშის მოსაგებად. – მთავარი მიზანი ამ სეზონში... – ჯერჯერობით თასზეც და ჩემპიონატშიც კარგად მივდივართ და ორივეგან შეგვიძლია წარმატებით გამოსვლა. ზუსტი პასუხი 26 მაისს იქნება ცნობილი. – ზამთრის სატრანსფერო სეზონზე „მეტალურგში“ ახალგაზრდა ფეხბურთელების გამოჩენას ელიან. ახალგაზრდული გუნდით რამდენადაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა? – ვინ დაგვემატება, არ ვიცი. ამას ხელმძღვანელობა გადაწყვეტს, მაგრამ მთავარია, კარგი ფეხბურთელი იყოს და მნიშვნელობა არ აქვს, ახალგაზრდა იქნება თუ ასაკიანი. ესაუბრა მაგდა კლდიაშვილი
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“