საზოგადოება
თბილისი, 17 დეკემბერი, საქინფორმი. განათლების მაქსიმალურად ხელმისაწვდომობის მიზნით, უცხოეთში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საქართველოს სასწავლო დაწესებულებაში მიღების წესი მარტივდება. საქართველოში სწავლის გაგრძელების უფლება მათ განაცხადის გაკეთებიდან 24 საათის განმვალობაში შეეძლებათ. მსურველთა დოკუმენტაციის ნამდვილობის დადასტურება პარალელურ რეჟიმში მოხდება.
ცვლილებების განხორციელებამდე უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველს ხანგრძლივი პროცედურების გავლა და რამდენიმეთვიანი ლოდინი უწევდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბარიერების გადალახვა აღარ მოუწევთ.
ამიერიდან განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას უმოკლეს დროში უზრუნველყოფს.